საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი აგვისტოს ომთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას რუსული ვერსიის გამაგრებას უწოდებს. ამის შესახებ გოკა გაბაშვილმა დღეს "პირველი რადიოს" პრესკლუბში განაცხადა.
მისივე თქმით, წინა პარლამენტში აგვისტოს ომის თემასთან დაკავშირებით არსებობდა საპარლამენტო კომისია, რომელმაც იმუშავა და დადო კონკრეტული დასკვნები, თუმცა უფრო სერიოზული პრეტენზიები არ ყოფილა.
"ახალი მთავრობის ეს ქმედება მიმართულია იმისკენ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კმაყოფილი იყოს. საქართველოს ხელისუფლება ელაქუცება ოკუპანტს, ეს კი საქართველოს არაფერს მოუტანს", - აცხადებს გოკა გაბაშვილი.
უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებები აგვისტოს ომთან დაკაბვშირებით თითქოს საქართველოს მთავრობა მძინარე სოფელს თავს დაესხა, სიცრუეა.
დეპუტატის განცხადებით, ეს ხელისუფლება იქცევა ზუსტად ისე, როგორც მოიქცეოდა რუსეთის მიერ საქართველოში მარიონეტულად დასმული მთავრობა.
"ახალ ხელისუფლებას, რომელსაც ნდობა საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა გამოუცხადა, უნდა გაეგრძელებინა ის წარმატებები და მიღწევები, რაც წინა მთავრობას ჰქონდა და ეზრუნა ქვეყნის აღმშენებლობაზე, თუმცა ისინი არასწორი გზით მიდიან", - აღნიშნა გაბაშვილმა.
რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" მომავალ სამოქმედო გეგმას, გაბაშვილი განმარტავს, რომ პარტია აპირებს პოლიტიკურ ბრძოლას კონსტიტუციური და ლეგალური გზებით.
"ჩვენ ვიზრუნებთ, რომ არ მოხდეს ქვეყნის ნგრევა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლა", - აღნიშნა გოკა გაბაშვილმა.