ბიზნესმენებს

ბიზნესმენებს "შრომის კოდექსთან" დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ

შრომის კოდექსი ძალიან მტკივნეულ საკითხად რჩება, - ამის შესახებ ბიზნესმენებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნესმენებმა "შრომის კოდექსთან" დაკავშირებულ პრეტენზიებზე გულახდილად ისაუბრეს და მთავრობის წევრებისგან მიიღეს დაპირება, რომ ამ საკითხებზე მსჯელობა კიდევ ერთხელ გაიმართება.

"ჩვენ საპარლამენტო კომიტეტებში მიმდინარე განხილვების პროცესში ჩავერთვებით, რათა გამოვასწოროთ ბალანსი, რომ ბიზნესგარემოსთვის საზიანო კანონი არ მივიღოთ. ბიზნესის ბევრ შენიშვნას ვიზიარებ, ნაწილს კი არ ვეთანხმები. სწორედ ამ საკითხს დავაყენებთ საპარლამენტო უმრავლესობასთან დღევანდელ შეხვედრაზე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მნიშვნელოვანია შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების საკითხი, რასაც ეკონომიკის სამინისტრო სპეციალური კომისიის ფარგლებში განიხილავს. მინისტრის თქმით, ეს სფერო აქამდე მოუწესრიგებელი იყო.

"გარკვეული პრობლემებზე საუბრობენ ადგილობრივი საწარმოები, თუმცა ჩვენ ისე, რომ არ გავიდეთ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ჩარჩოებიდან, ვეცდებით, ადგილობრივ მეწარმეებს მხარი დავუჭიროთ", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.