"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" 2012 წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიების ფინანსებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით
,2012 წელს (აგვისტო-სექტემბრის გამოკლებით) საარჩევნო კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალმა ექვსმა პარტიამ საერთო ჯამში 4 მილიონ 607 ათასამდე ლარის შემოსავალი მიიღო; ერთიანმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 13 მილიონ 434 ათასი ლარი; "ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ" - 961 ათასი ლარი; "საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ" კი - 337 ათასი ლარი.
ორგანიზაციის განმარტებით, პოლიტიკური პარტიები შემოსავლის უდიდეს ნაწილს სახელმწიფო დაფინანსებისა და შემოწირულებების სახით იღებდნენ.
"2012 წელს პოლიტიკური პარტიების შემომწირველები მხოლოდ ფიზიკური პირები იყვნენ, რადგანაც იურიდიული პირებისაგან შემოწირულებების მიღება კანონით აიკრძალა. მიუხედვად ამისა, ჩვენ ხელთ არსებულ მონაცემთა ანალიზით დადგინდა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 397, "ქართული ოცნების" 33 და სხვა პოლიტიკური გაერთიანებების 10-მდე შემომწირველს გარკვეული კავშირი აქვს ბიზნესთან. მაგალითად, სამშენებლო კომპანია "მოდერნ-ჰაუზი", რომლის ორმა წარმომადგენელმა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 117 000 ლარი შესწირა; ასევე, ვლადიმერ გურგენიძემ, რომელიც "ლიბერთი ჰოლდინგ ჯორჯიას" პარტნიორია და თემურ კოხოძემ, რომელიც "თეგეტა მოტორსის" შვილობილი კომპანიების პარტნიორია, ყოფილ მმართველ გუნდს 60 - 60 ათასი ლარი შესწირეს, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ამდენივე შესწირა ეკატერინე ჩხაბერიძემ, რომელიც "გუდვილის" გენერალური დირექტორია", - ნათქვამია ანგარიშში.
რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების ხარჯებს, 2012 წელს (აგვისტო-სექტემბრის გამოკლებით) "ქართულ ოცნებაში" შემავალმა ექვსმა პარტიამ საერთო ჯამში 6 მილიონ 200 ათასი ლარის ხარჯი გასწია; "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" - 3 მილიონ 500 ათასი ლარის; "ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ" - 750 ათასი ლარის; "საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ" კი - 250 ათასი ლარის.
"პარტიებს ხარჯების ტიპოლოგიის მიხედვით განაწილება დივერსიფიცირებული აქვთ. მათი ხარჯების ძირითადი წილი ოფისისა და კომუნიკაციის ხარჯებზე, რეკლამის ხარჯსა და შრომის ანაზღაურებაზე მოდიოდა", - აღნიშნულია ანგარიშში.
პროექტის "გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პოლიტიკური ფინანსები საქართველოში" ფარგლებში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" 2012 წელს ექვსი კვლევა გამოაქვეყნა.
ანგარიში მომზადდა ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით.