ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, საქართველოს საფხებურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ფეხბურთში შიდა ჩემპიონატი დამოუკიდებლად უნდა გაგრძელდეს. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, როდესაც ფეხბურთის ფედერაციაში მიმდინარე მსჯელობას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველომ, ყაზახეთმა და აზერბაიჯანმა ფეხბურთში ერთობლივი ჩემპიონატი უნდა ჩაატარონ.
"ვერ გეტყვით, რამდენად მისაღები იქნება ეს გულშემატკივრებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც სპორტით დაინტერესებულია. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ვატარებთ შიდა, დამოუკიდებელ ჩემპიონატს და ეს უნდა გაგრძელდეს. ჩვენ პირიქით, ხელი უნდა შევუწყოთ შიდა ჩემპიონატის გაძლიერებას, იქნება ეს ფინანსების კუთხით და სამომავლოდ ამაში სახელმწიფოც უნდა ჩაერთოს, თუ იქნება ეს ინფრასტრუქტურის განვითარება", - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ 15-16 წლის ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელები ქვეყანაში დარჩნენ და იმის გამო არ უნდა დატოვონ ქვეყანა, რომ საქართველოში არ არსებობს ინფრასტრუტურა, სტადიონები და ხალხს შიდა ჩემპიონატის მიმართ ინტერესი დაკარგული აქვს.
"ხელი უნდა შევუწყოთ მათ, რომ მინიმუმ 3-4 წლის განმავლობაში მაინც დარჩნენ საქართველოში. ეს მოახდენს იმას, რომ საქართველოს ჩემპიონატის დონე აიწევა და საინტერესო გახდება ყველასთვის", - აღნიშნა კახა კალაძემ.