RusHydro საქართველოსთან ინჟინერინგის სფეროში თანამშრომლობით არის დაინტერესებული

RusHydro საქართველოსთან ინჟინერინგის სფეროში თანამშრომლობით არის დაინტერესებული

კომპანია RusHydro საქართველოსთან ინჟინერინგის სფეროში თანამშრომლობით არის დაინტერესებული, - ამის შესახებ კომპანია RusHydro-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი რეჟინაშვილმა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განცხადებით, პირველი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან და კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან, ევგენი დოტს შორის შეხვედრა დავოსში გაიმართა, რომელიც, რეჟინაშვილის თქმით, წარმატებული იყო და განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები "როსჰიდროსა" და ქართული ენერგოკომპანიებს შორის.
"ჩვენ ძალიან გვაინტერესებს თანამშრომლობა ინჟინერინგის სფეროში. დღეს უდიდეს ნაწილს ვფლობთ იმ საპროექტო ინსტიტუტების, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროსაც პროექტების კუთხით დახმარებას უწევდნენ ენერგეტიკულ საწარმოებს", - განაცხადა გიორგი რეჟინაშვილმა.

მისივე თქმით ფიქრობს, რომ ეს მოდელი იქნება განხილული. რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს, რეჟინაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ამაზე ვერ ისაუბრებს, რადგან დღეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ჰქონდათ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან, თუმცა მან აღნიშნა, რომ მთავარი საკითხი მაინც არის ინჟინერინგი.
"ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს მოთხოვნადია ინვესტორების მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე", - განაცხადა გიორგი რეჟინაშვილმა.

მისივე თქმით, ამ თანამშრომლობის შემთხვევაში კომპანია RusHydro-ს სპეციალისტები დაეხმარებიან ინვესტორებს კონკრეტული პერსპექტიული ადგილების მოძებნაში, რომელიც რეალიზებული იქნება შემდეგ სხვადასხვა ინვესტორების მხრიდან.

კომპანია RusHydro-ს წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით თბილისს დღეს ეწვივნენ. დელეგაციის ხელმძღვანელია RusHydro-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი რეჟინაშვილი.


ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები იგეგმება საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარესთან.

დელეგაციის ვიზიტს ორგანიზებას საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო და საპარტნიორო ფონდი უწევენ.