ქუთაისის მერის წინააღმდეგ მისი მეგობრები წავიდნენ, - ამის შესახებ ქუთაისის ვიცე-მერმა, ამირან ძოწენიძემ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მერის იმპიჩმენტის პროცესი 19 აპრილს დაგეგმილ დემონსტრაციას უკავშირდება.
"მე ეჭვი მაქვს, რომ ეს პროცესი დაჩქარდა იმის გამო, რომ ვიღაც ვიღაცეებს ჰგონიათ, რომ 19 აპრილს ჩვენ არ წავალთ იმ დემონსტრაციაზე, რომელიც თბილისში ტარდება. მე და ჩემი მეგობრები იქ ვიქნებით. მხარდაჭერას ვუცხადებ მერს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ მისი მეგობრები წავიდნენ მის წინააღმდეგ", - განაცხადა ძოწენიძემ.
ძოწენიძის მიერ გამართულ ბრიფინგს ქუთაისის მერიის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, ისინი მხარდაჭერას უცხადებენ მერს და იმპიჩმენტის პროცესს ემიჯნებიან, რომელიც საკრებულოში მიმდინარეობს.
"ნაციონალურ მოძრაობას" გამიჯნული ქუთაისის საკრებულოს დეპუტატები იმპიჩმენტის საკითხს დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე დააყენებენ, რომელიც 14:00 საათზე არის ჩანიშნული.