რუსული ბიზნესით ინტერესი საქართველოს მიმართ ძალიან დიდია, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე არ შეუძლია თქვას, გადაიზრდება თუ არა ეს დიდი ინტერესი კონკრეტულ ინვესტიციებში. ხოლო, ჟურნალისტების კითხვას, შესაძლოა, თუ არა შეიცავდეს საფრთხეს რუსული ინვესტიციები საქართველოსთვის, მინისტრმა უპასუხა - ყველაფერი კანონმდებლობის მოწესრიგებაზეა დამოკიდებული.
"თუ მოვაწესრიგებთ ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას, რომ არც ერთ კომპანიას არ ჰქონდეს მნიშვნელოვანი კონტროლი და მონოპოლია ბაზარზე, ვფიქრობთ, რუსული ინვესტიცია არანაირ საფრთხეს არ შეიცავს", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნული განცხადება სასტუმრო "რედიოსნში" ბიზნესმენებთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.