პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნის საკითხი შესაძლოა, დღის წესრიგიდან მოიხსნას და, შესაბამისად, გაუქმდეს "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონს დამატებული ცვლილებები , რომელიც ასეთი სამსახურის ფორმირებას ითვალისწინებს.
მმართველი უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური პრეზიდენტიდან მთავრობის დაქვემდებარებაში გადავიდა, მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის მხრიდან თავიდანვე პროტესტის საგანი გახდა. ამის შემდეგ კანონპროექტი პარლამენტში მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნდა. "ნაციონალურ მოძრაობასთან" კონსულტაციის შედეგად, პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნა გადაწყდა. ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული გასამხედროებული დაწესებულებაა, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის განმავლობაში მოქმედი პრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრების, ასევე პრეზიდენტის სარგებლობაში არსებული ობიექტების დაცვას უზრუნველყოფს. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა იანვრიდან ძალაშია, თუმცა ასეთი სამსახური მხოლოდ კანონში არსებობს.
როგორც "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებების ავტორმა, დეპუტატმა ირინა იმერლიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პრეზიდენტს ახლა ზუსტად ის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იცავს, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაშია და იცავს პრემიერ-მინისტრს, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, პირებს, რომელთა დაცვასაც კანონი ითხოვს. მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნილი არ არის, კანონი ირღვევა.
"სამსახური, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უნდა შექმნილიყო, ჩემი ინფორმაციით, პრეზიდენტს არ შეუქმნია. კანონის თანახმად, პრეზიდენტის დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა და მას ის სამსახური იცავს, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში არსებობს. როდესაც სამსახურის გამიჯვნის მიზნით სპეციალური სახელმწიფო კომისია შეიქმნა, მასში პრეზიდენტის მხრიდან პავლე კუბლაშვილი, თემურ ჯანაშია და მისი მოადგილე მონაწილეობდნენ. დათვლების შედეგად, კონკრეტული თანხა და ხალხის კონკრეტული რაოდენობა შევთავაზეთ, რაც როგორც ჩანს, ეცოტავათ. ამის შემდეგ გახსოვთ, პრეზიდენტის ელექტრომობილით სიარული და საუბარი იმის შესახებ, რომ დაცვა საერთოდ არ სჭირდებოდა. ახლა პრეზიდენტი ჩვეულებრივად სახელმწიფო დაცვით, ესკორტით მოძრაობს და არა - ელექტრომობილით. თუკი პრეზიდენტი მის დაქვემდებარებაში დაცვის სამსახურის შექმნას არ აპირებს, ჩვენ მის ადმინისტრაციას შევეხმიანებით და მაშინ ცხადია, საჭირო გახდება, კანონში ცვლილება, რადგან ამ დროის მდგომარეობით კანონი ირღვევა, ვინაიდან სამსახური შექმნილი არ არის", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ირინა იმერლიშვილმა.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნის საქმეში მთავარი დაბრკოლება ის გარემოება გახდა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა მიხეილ სააკაშვილს დაქვემდებარებულ სტუქტურაში გადასვლა არ ისურვეს და ამ სამსახურისთვის საკმარისი რაოდენობის კონტინგენტი ვერ შეგროვდა.