თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება. ბიზნესმენის მკვლელობის ბრალდებით ოთხი პირია დაკავებული, მათ შორის - ვახტანგ ჩხაპელია. ჩხაპელია მომღერალ სოსო პავლიაშვილის სიძეა. ვახტანგ ჩხაპელიას ერთ-ერთ ჩვენებაში ადუაშვილის მკვლელობის საქმეში პავლიაშვილია ნახსენები.
კერძოდ, ჩხაპელია ადუაშვილისადმი ანგარიშსწორების "ფინანსურ მხარდამჭერად" საკუთარ ცოლის ძმას, სოსო პავლიაშვილს ასახელებს.
ამასთან, გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჩხაპელიას ადვოკატმა ლევან ჯავახაძემ განაცხადა, რომ ჩვენება მისი დაცვის ქვეშ მყოფს პროკურორმა ზეწოლის შედეგად მიაცემინა, რეალურად კი მკვლელობის საქმე სხვა მოტივს უკავშირდება და არა – სოსო პავლიაშვილს.
ადვოკატების განცხადებით, არც ერთი ბრალდებული ბრალს აღარ აღიარებს და ჩვენების შეცვლა სურთ, რისი საშუალებაც, ჯერჯერობით არ მიეცათ.
წინასასამართლო სხდომა დღეს, 12:00 საათზეა ჩანიშნული.