მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახკერპში მცხოვრები 9-შვილიანი ოჯახის შვიდი ბავშვი სოციალურმა აგენტებმა მიმღებ ოჯახებში გადაანაწილეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი იუწყება, ამის მიზეზად მძიმე სოციალური პირობები დასახელდა.
ამასთან, ოჯახის კიდევ ერთი შვილი, დაახლოებით 10 წლის მოზარდი ამ დროისათვის დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, ბავშვს ზურგის არეში მძიმე დამწვრობა ჰქონდა და, მედიკოსთა ინფორმაციით, კანის გადანერგვა დაჭირდა.
რაც შეეხება კიდევ ერთ, სავარაუდოდ, თვენახევრის ბავშვს, წინასწარი ინფორმაციით, კუნთების ატროფიისა და წონის დეფიციტის დიაგნოზით ჟვანიას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, ბავშვები მძიმე სოციალურ პირობებში იზრდებოდნენ, მათ არა აქვთ დაბადების მოწმობები და მშობლებმა ბავშვების ზუსტი ასაკი არ იციან.
ოჯახის გვარი ჯერ არ სახელდება, თუმცა ისინი სომეხი ეროვნების არიან.