საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სამედიცინო ცენტრის შენობაში შეჭრილი სოციალურად დაუცველები საპატრიარქოს წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ. როგორც შემთხვევის ადგილზე "ინტერპრესნიუსს" სოციალურად დაუცველმა შოთა გიგინეიშვილმა განუცხადა, ისინი მოითხოვენ, საპატრიარქოს წარმომადგენელმა უშუამდგომლოს საქართველოის პატრიარქთან, რათა გამოიყოს თავშესაფარი სოციალურად დაუცველებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკავებული შენობის დატოვებას არ აპირებენ.
კლინიკის დირექტრი ვახტანგ სურგულაძე კი აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველები სამედიცინო ცენტრის ტერიტორიაზე ვერ დარჩებიან. "ვეცდებით, ეს ხალხი არ დარჩეს კლინიკის ტერიტორიაზე. აქ ყოფნით ეს საკითხები ვერ მოგვარდება. ეს არის შენობის მძევლად აღება და სპეკულაცია იმით, რომ ცენტრი არის საპატრიარქოს კუთვნილება", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" სურგულაძემ.
მისივე განმარტებით, აღნიშნული შენობა დაკონსერვებულია და მიდის მზადება სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, რადგან იქ კარდიოქირურგიული ცენტრი უნდა განთავსდეს.
ოცდახუთამდე სოციალურად დაუცველი სამედიცინო ცენტრის ტერიტორიაზე დღეს, დაახლოებით 23.00 საათისთვის შეიჭრა.