დღეს ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელსაც დამოუკიდებლობის აღლუმის ჩატარება ეთაკილება, – ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს პოლონეთში განუცხადა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს დღევანდელი მთავრობა თავისი ქმედებებით ოკუპანტებს "კოზირებს" აძლევს. "დღეს ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელსაც ეთაკილება დამოუკიდებლობის აღლუმის ჩატარება და ამას ღიად აცხადებს. ვის ჯინაზეც არ უნდა აკეთებდეს ამას, პრაქტიკულად ფეხქვეშ თელავს ჩვენი შეიარაღებული ძალების ღირსებას.
ამავე დროს, გვყავს მთავრობა, რომელიც თვლის, რომ ვართ ერი, რომელიც მხოლოდ ეთნოგრაფიული ექსპონატი უნდა ვიყოთ. ცეკვა-თამაშზე რომ დაგვიკრავენ ტაშს, მხოლოდ ამით უნდა ვიამაყოთ და მოვიწონოთ თავი და ამით დავიკმაყოფილოთ ეროვნული პატივმოყვარეობა. ჩვენ პრაქტიკულად გასული ვიყავით სამშვიდობოზე. ახლა არ ვქნათ ის, რომ ჩვენი ახალი დროის ორჯონიკიძეების ხელით საქართველომ თვითონ ჩააბაროს მტერს ჩვენი დამოუკიდებლობის გასაღები, თვითონ დაუშვას ხუთჯვრიანი დროშა და თვითონ ავიღოთ ხელი თავისუფლებაზე", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.