საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მიმდინარე პროცესებს 1921 წელს აგონებს, როდესაც "ორჯონიკიძემ და სხვებმა უპატაკეს მოსკოვს, რომ თბილისის თავზე აღარ ფრიალებდა დამოუკიდებელი საქართველოს დროშა", – ამის შესახებ სააკაშვილმა ჟურნალისტებს პოლონეთში, პრეზიდენტის სასახლესთან განუცხადა.
"მე მინდა ყველას შევახსენო, რომ თბილისის თავზე ჯერ კიდევ ხუთჯვრიანი დროშა ფრიალებს და ამ დროშის ჩამოგლეჯა შეუძლიათ მხოლოდ ქართველებს, ისევე, როგორც თავის დროზე 1921 წელს და ეს პროცესები ძალიან ჰგავს 1921 წელს, როდესაც ორჯონიკიძემ და სხვებმა უპატაკეს მოსკოვს, რომ თბილისის თავზე აღარ ფრიალებდა დამოუკიდებელი საქართველოს დროშა. თუ ლაპარაკობენ ვინმეს დანაშაულზე, შემიძლია ვთქვა - დიახ, ალბათ კი არა, ნამდვილად მე ვარ დამნაშავე, რომ როგორც პრეზიდენტმა არად ჩავაგდე მუქარა და ხელი არ ავიღე არა მხოლოდ ნატოს კურსზე, არამედ მოსკოვიდან თითის ქნევის მიუხედავად, არ ავიღე ხელი მთავარზე, რაზეც ყველაზე მეტად დავისაჯე - ქართული სახელმწიფოებრიობის შექმნის იდეაზე. ჩემი დანაშაული ის არის, რომ მე, როგორც პრეზიდენტი, ერთგული დავრჩი საპრეზიდენტო ფიცის", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მიესალმება მთავრობის გადაწყვეტილებას რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის გატარების შესახებ, თუმცა მიიჩნევს, რომ მთავრობის განცხადებები რუსეთს მორალური უპირატესობის მიღების საშუალებას აძლევს.
"საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ მას უნდა პრაგმატული პოლიტიკის გატარება რუსეთთან და მე ამას მივესალმები. ჩვენც ვცდილობდით ამის გაკეთებას. მაგრამ ამიხსენით, რომელი პრაგმატული პოლიტიკაა, როცა შენი ტერიტორიების ოკუპანტს აძლევ იურიდიულ დასაბუთებას ოკუპაციისა, რა პრაგმატიზმზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა აძლევ საშუალებას, რომ მორალური უპირატესობა მიიღოს ცარიელ ადგილზე, რომელიც მას ჰქონდა დაკარგული", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, სააკაშვილის ხელისუფლების გასამართლების სურვილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ჰქონდა. "ძალიან ნათლად თქვა 2008 წელს რუსეთს რა უნდოდა, პუტინმა თქვა – ეს იყო ან ჩემი განადგურება ან ჩემი და ჩემი მთავრობის გასამართლება საქართველოს შემდეგი მთავრობის მიერ. გასაგებია, რომ გაასამართლო წინა მთავრობა ღალატისთვის, გაქცევისთვის, ქვეყნის მიტოვებისთვის ან მოგონილი საბაბით სამხედრო დანაშაულისთვის. მაგრამ უყენებდე ბრალს წინა მთავრობას იმაში, რომ მან წინააღმდეგობა გაწია, უკან არ დაიხია, ხელი არ მოაწერა კაპიტულანტურ შეთანხმებას, რომ არ მიატოვა დედაქალაქი, როგორც მოგვიწოდებდნენ და მიგვითითებდნენ, ასეთი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს. მით უმეტეს, როცა ამ წლებში, მიუხედავად იმისა, რომ დიდი მსხვერპლი გვქონდა, ჩვენ შევინარჩუნეთ სახელმწიფოებრიობა, მოვახდინეთ დამოუკიდებლობის კონსოლიდაცია, ჩვენ დავიწყეთ საერთაშორისო სამართლებრივი პროცესების სწორად წარმართვა და მოგება. ამ ყველაფრის შემდეგ რატომ ვიხევთ უკან და რატომ ვაძლევთ მათ ასეთ კოზირებს?!", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.