ლონდონში შეკრებილმა "დიდი რვიანის" საგარეო საქმეთა მინისტრებმა სირიაში, ჩრდილოეთ კორეასა და ირანში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრეს, - ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, მინისტრები ასევე შეეხნენ კონფლიქტის ზონაში არსებულ სექსუალური ძალადობის საკითხს. ისინი თანხმდებიან, რომ ფხენიანის სამხედრო მუქარები საშიშ პროვოკაციას წარმოადგენს.
"ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით, აშშ-ის მოსაზრებებს ვიზიარებთ", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან შეხვედრისას.
ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში, "დიდი რვიანის" საგარეო საქმეთა მინისტრები სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას ითხოვენ.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ უილიამ ჰეიგის განცხადებით, ლონდონი მხარს უჭერს სირიის კრიზისის პოლიტიკური გზით მოგვარებს. "დიდ რვიანში" გაერთიანებული არიან აშშ, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, გერმანია, კანადა და რუსეთი.