პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, 2008 წელს არამარტო მიხეილ სააკაშვილი, არამედ რუსეთიც თავისავე დაგებულ მახეში აღმოჩნდა.
ამის შესახებ უსუფაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
"აგვისტოს ომთან დაკავშირებით უკვე ყველაფერი ნათელია პოლიტიკური თვალსაზრისით. რუსეთი კარგა ხანი ცდილობდა, ფეხი მოეკიდებინა საქართველოში უფრო მეტად, ვიდრე ჰქონდა სამშვიდობო ძალების მეშვეობით და 2008 წლის აგვისტოში მან ეს მოახერხა. ჩვენ, პრაქტიკულად, მოწმე ვართ რუსული სამხედრო ბაზების მშენებლობისა საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო, ეს ტრაგედია თავიდან აეცილებინა, მან ეს ვერ შეძლო და ძალიან ცუდია. რაც შეეხება აღიარება-არაღიარების პოლიტიკას, არაღიარება ეს არის დემოკრატიული სამყაროს გადაწყვეტილება. ეს არ არის 2-წლიანი და 3-წლიანი გადაწყვეტილება. საქართველოს ახალი ხელისუფლება ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ არაღიარების პოლიტიკა მსოფლიოს მხრიდან გაგრძელდეს და გამოიძებნოს დამატებითი გზები იმისთვის, რომ სწორედ დემოკრატიული სამყაროს მხარდაჭერით საბოლოოდ მოვაგვაროთ ეს პრობლემა", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, "თუკი რუსეთში პოლიტიკოსები და მათ შორის, სერგეი ლავროვი რეალისტურად და პრაგმატულად შეხედავენ ამ საკითხს, დაინახავენ, რომ ის, რაც დღეს ხდება, არც რუსეთის ინტერესებშია, არც აფხაზეთის და არც საქართველოს".
"როცა ვამბობთ, რომ სააკაშვილმა 2008 წელს შეაბიჯა რუსეთის მიერ დაგებულ მახეში, ეს არ არის ცალმხრივი. რუსეთი თავადვე აღმოჩნდა თავისვე დაგებულ მახეში, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რუს, ქართველ თუ ევროპულ პოლიტიკოსებს - დიახაც, ვიყოთ პრაგმატული ამ საკითხში და მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რაც შესაბამისობაშია საერთაშორისო სამართალთან და საერთაშორისო პრაქტიკასთან", - აღნიშნა უსუფაშვილმა.