პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით, "კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენების გადახედვების მექანიზმების საკითხზე აჟიოტაჟი დროზე ადრეა ატეხილი".
როგორც უსუფაშვილმა, ჟურნალისტებს იუსტიციის სახლში განუცხადა, "აღნიშნულ საკითხზე ჯერ კონკრეტული პროექტი მომზადებული და პარლამენტში ინიცირებული არ არის".
მისივე თქმით, "ამ საკითხზე საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს".
"სასამართლო გადაწყვეტილებების გადახედვა და მათთვის შესაბამისი მექანიზმების შექმნა ძალიან საფრთხილოა, მხოლოდ საქართველო არ დგას ისეთი გამოწვევის წინაშე, როცა შესაძლებელია, რომ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ ცნობილი გახდეს ისეთი ფაქტის თაობაზე, რაც პატიმრობაში მყოფი პირების უდანაშაულობაზე მეტყველებს. ამიტომ ამ საკითხს ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ", - განაცხადა უსუფაშვილმა.