"ინვალიდთა ასოციაციის" შენობა გაყიდულია და ახალი მფლობელი მის დანგრევას გეგმავს. ამის შესახებ "ინვალიდთა ასოციაციის" პრეზიდენტმა ზაზა სიხარულიძემ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
"სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირი (ინვალიდთა ასოციაცია) ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად ისახავდა ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანული მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის მოღვაწეობისადმი ხელშეწყობას, თავისი პრაქტიკული საქმიანობით იმთავითვე იღებდა მონაწილეობას ამმხრივ მიმართულ ღონისძიებებში, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციაში დედა-ეკლესიის განსაკუთრებული როლის დაფიქსირების, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონკორდატის ხელშეკრულების დადების, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრისა თუ სხვა ეკლესია-მონასტრების მშენებლობისა და რესტავრაციის, შესაწირავების გაღებისა და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის საქმეში. ამასთან, ასოციაცია თავისი 24-წლიანი არსებობის მანძილზე, სიტყვითა თუ საქმით, შეძლებისდაგვარად, ქმედითი თანადგომა გაუწია ათასობით შეჭირვებულ ადამიანსა თუ არაერთ ორგანიზაციას. განხორციელებული აქვს საერთაშორისო თუ უცხოური დონორებისა, მათ შორის, გაერო-ს განვითარების პროგრამის, გაერო-ს ბავშვთა ფონდის, ამერიკული ორგანიზაციის - "გადავარჩინოთ ბავშვები", გერმანული ფრიდრიხ ებერტის ფონდის და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული 20-ზე მეტი პროექტი. ამჟამად, სამწუხაროდ, ინვალიდთა ასოციაციის საქმიანობა დროებით შეჩერებულია, ვინაიდან გასული წლის იანვრის ბოლოდან იმ შენობაში (თბილისი, ილ. ჭავჭავაძის გამზ. 49ა), სადაც განთავსებული იყო ოფისი, რომელიც სერიოზულად დაზიანდა ჯერ კიდევ სპიტაკის მიწისძვრის დროს და მაშინ შეძლებისდაგვარად გაამაგრეს, სხვადასხვა სუბიექტურ თუ ობიექტურ მიზეზთა გამო, ყოველდღიურად მატულობდა ბზარები, რის შედეგადაც 2012 წლის 29 თებერვალს ამ შენობის ერთი ფლიგელი ჩამოინგრა. ნანგრევებმა დოკუმენტაციისა და ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი თან ჩაიტანა. ამ შენობაში კომპაქტურად ცხოვრობდნენ აფხაზეთიდან დევნილები და თავად ზაზა სიხარულიძე თავისი მეუღლითა და მცირეწლოვანი შვილით, რადგან სიხარულიძეებმა თავიანთი კუთვნილი ბინა გაყიდეს, რის შედეგადაც მიღებული თანხით გაარემონტეს ოფისი. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სანამ ოფისი მითითებულ შენობაში გადმოვიდოდა, განთავსებული იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში, საიდანაც გადმონაცვლდა ამ სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობის თხოვნით, ხოლო ახლანდელი ფართი უზურფრუქტის წესით საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 2002 წლის 24 ოქტომბრის #1341 განკარგულების საფუძველზე გადმოეცა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ შენობის ჩამონგრევამდე, შესაბამისი სახელისუფლო სტრუქტურების მესვეურნი წერილობით თუ სიტყვიერად არაერთგზის გავაფრთხილეთ მოსალოდნელი საშიშროების შესახებ, ხოლო კატასტროფის შემდგომ, დახმარების აღმოჩენის თხოვნით ასევე ბევრჯერ მივმართეთ ყველა სახელმწიფო ინსტანციის ხელმძღვანელებს, ჩვენი პრობლემების მოგვარების საქმე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მოსვლამდე ადგილიდან არ იძვროდა", - ნათქვამია ინვალიდთა ასოციაციის განცხადებაში.
როგორც ზაზა სიხარულიძემ განაცხადა, "რაღაც ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ ღვთისშვილთა კავშირის განადგურებას და კონფრონტაციის გამოწვევას ივანიშვილის ხელისუფლებასთან".
"საქმე ისაა, რომ ორგანიზაციას ალტერნატიული ფართის შეთავაზების ან/და რაიმე სახის კომპენსაციის გარეშე უნგრევენ ოფისს, რასაც ფლობს უზურფრუქტის წესით. ოფისში განთავსებულია ინვენტარი, 24 წლის არქივი, დოკუმენტაცია უმდიდრესი ბიბლიოთეკა და სხვ. ინვალიდთა ასოციაცია ხელისუფლებისა და ახალი მფლობელებისაგან მოითხოვს მითითებული შენობის ნგრევის გადადებას მანამდე, ვიდრე მოიძებნება ალტერნეტიული ფართი ან რაიმე სახის სხვა კომპენსაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაცხადებთ, რომ სიცოცხლის ფასადაც არ დავთმობთ ამჟამად კუთვნილ ფართს და პროტესტის სხვადასხვა, მათ შორის, ფართომაშტაბიან ფორმებს მივმართავთ", - განაცხადა სიხარულიძემ.