ირაკლი ალასანია:

ირაკლი ალასანია: "გიგი კალანდაძე "რეალ ტვ"-ის გროტესკულ პერსონაჟს დაემსგავსა"

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას შეფასებით, გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე "რეალ ტვ"-ის გროტესკულ პერსონაჟს დაემსგავსა.

ასე გამოეხმაურა ალასანიამ მისი "კულინარიელთა საძმოს" წევრობის შესახებ გიგი კალანდაძის გუშინდელ განცხადებას.

"ძალიან ვწუხვარ, რომ ბატონი კალანდაძე მართლა "რეალ ტვ"-ის გროტესკულ პერსონაჟს დაამსგავსეს. გახსოვთ, "რეალ ტვ" როგორ მოქმედებდა, როგორც მუშაობდა წარსულში, არ ვიცი, ახლაც არის თუ არა ეს ტელევიზია, მაგრამ აშკარად სამწუხაროა, რომ ასე მიეხმარა "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი დეპუტატი მას, გადაქცეულიყო "რეალ ტვ"-ის გროტესკულ პერსონაჟად", - განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "დიალოგში" სტუმრობისას გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა გიორგი კალანდაძემ ირაკლი ალასანიას მისი ახალგაზრდობა გაახსენა და აღნიშნა, რომ ის "კულინარიელების საძმოს" წევრი იყო.

"მე მაშინ ვსწავლობდი სამხედრო აკადემიაში და კადეტთა კორპუსში. თავისი ახალგაზრდობა და ის წლები გაიხსენოს, როცა ის იყო 29 წლის ასაკში უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე. საერთოდ არ არის პრეცენდენტი, 29 წლის ბიჭი უშიშროების მინისტრის მოადგილე ყოფილიყო და მე 32 წლის გავხდი ბრიგადის გენერალი, ალბათ, დამსახურების გამო. აქ რომ მოვდიოდი, მომაწოდეს თოხმაიდისა და რეხვიაშვილის საქმე, როცა 14 წლის ბიჭები გარდაიცვალნენ და გარკეულწილად არის თავდაცვის ახლანდელი მინისტრი მოხსენიებული. ალბათ, ამ საქმეების გამო, დღეს 04:00 საათზე თავდაცვის მინისტრს თავის კაბინეტში არ დააკავებენ", - განაცხადა კალანდაძემ.