ნუგზარ წიკლაური:

ნუგზარ წიკლაური: "გუშინ პრემიერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველო იყო აგრესორი, ხოლო რუსეთი – მსხვერპლი"

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთ წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, "გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველო იყო აგრესორი, ხოლო რუსეთი – მსხვერპლი".

როგორც წიკლაურმა დღეს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, "აღნიშნული განცხადება ქვეყნის ინტერესების ღალატია".

"საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებამ რუსეთის საპასუხო რეაქცია გამოიწვია, აქამდე ეს რუსეთის პოზიცია იყო, ახლა ასეთ ქვეყანათა რიცხვი გახდა ორი და ამ პოზიციას შეუერთდა საქართველო და მისი პრემიერი-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა წიკლაურმა და დასძინა, რომ ქართველი ამომრჩეველი პოლიტიკურ პროცესებში უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს.

წიკლაურის თქმით, 19 აპრილს აქციაზე ხალხი მივა არამხოლოდ იმის სათქმელად, რომ მათი არჩევანი ევროპულია, არამედ იმიტომაც, რომ ქართველი ხალხი ეროვნული ინტერსების შელახვას და საქართველოს აგრესორ ქვეყნად გამოცხადებას არ დაუშვებს.

ამასთან, წიკლაუირმა დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლავროვმა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას პოზიტიური და პრაგმატული უწოდა, რაც გასაკვირი სულაც არ არის.

"ლავროვი თავისი სახელმწიფოს სახელით საუბრობს, თუ რა საპასუხო შედეგებს უნდა ელოდოს საქართველო პრემიერის ამ განცხადების შემდეგ. ლარვოვი ამბობს, რომ კულტურული და სავაჭრო ურთიერთობები უნდა განვავითაროთ, მაგრამ აღიარებული ტერიტორიების უკან წაღებაზე საუბარი არ იქნება, ჩვენ მივიღეთ ვითარება, როდესაც პრემიერი აგრესიაში თავის საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს და მეორეს მხრივ, ლავროვმა თქვა, რომ ამ მოღალატეობრივი ნაბიჯის საპასუხოდ, თქვენ შეგიძლიათ შემოიტანოთ ნიახური, მწვანილი, ღვინო, გამოგზავნოთ თქვენი ანსამბლები, სამაგიეროდ ჩვენ გამოგიგზავნით ნატაშა კალარევას, აგუტინს და რუსული ესტრადის სხვა წარმომადგენლებს. აი, სწორედ ეს არის საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების ფასი"- განაცხადა წიკლაურმა.