განათლების მინისტრი:   შაშკინთან კარგად იყვნენ და ჩემით გაოცებულები არიან

განათლების მინისტრი: შაშკინთან კარგად იყვნენ და ჩემით გაოცებულები არიან

ძალიან მომწონს, რომ შაშკინთან კარგად იყვნენ და ჩემით გაოცებულები არიან, - ასე პასუხობს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი გამომცემლობების პრეტენზიებს. 

როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცადა, ის გამომცემლობებთან მიმართებაში კანონის სრული დაცვით – იმ კონტრაქტების მიხედვით იმოქმედებს, რომლებიც მათ სწორედ შაშკინთან გააფორმეს.

"ძალიან მომწონს, რომ შაშკინთან კარგად იყვნენ და ჩემით გაოცებულები არიან. გააგრძელონ კოჰაბიტაცია დიმიტრი შაშკინთან. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვმოქმედებ კანონის სრული დაცვით – რაზეც ხელი მოაწერეს იმ დოკუმენტით. მე არ ვფიქრობ შაშკინის ფსიქოანალიზზე, რა ჩადო კონტრაქტებში, მე ვფიქრობ სხვა თემებზე _ ბავშვებზე, წიგნებზე...", - განაცხადა განათლების მინისტრმა.

მისივე განმარტებით, სამინისტრო ავტორებთან მუშაობას გააგრძელებს.

"მე გავაგრძელებ ავტორებთან საქმიანობას და გადავუხდი კონკრეტულ საქმიანობაში, რომელსაც განახორციელებენ. ნებისმიერი ნაშრომის მიმართ არსებობს კრიტიკა, მაგრამ მეორეა გააგრძელო მუშაობა სახელმძღვანელოს დახვეწაზე იგივე ავტორთან. თვითონ სკოლებიდანაც ისმის კრიტიკა ცალკეულ დეტალებზე, ამათ ჩვენ გავასწორებინებთ იგივე ავტორებს და ავუნაზღაურებთ. კონტაქტებში არავინ იცავდა ავტორების უფლებებს. ჩვენ გავაგრძელებთ კონტაქტებს და დავიცავთ მათ უფლებებს. საავტორო უფლება არის კონკრეტული იურიდიული შეთანხმება. ეს არ არის ბუნებაში არსებული უფლება, როგორც, მაგალითად, ადამიანის უფლება. ესაა კონკრეტული კონტაქტის ნაწილი, შესაბამისად, როგორ შეიძლება საავტორო უფლებები დავარღვიო თუ კონტრაქტს ვიცავ?", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, ამაღლდება ბეჭდვის ხარისხიც. გარდა ამისა, მინისტრი სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგების საკითხზე რიგი ექსპერტის კრიტიკულ მოსაზრებებსაც გამოეხმაურა.

"ექსპერტები ძალიან საინტერესო თემაა საქართველოში. ამბობს და არგუმენტი არ გააჩნია. სანამ შეკითხვას დამისვამენ, წავიდნენ და ნახონ, რა ეფექტი აქვს ჩვენს გადაწყვეტილებას ოჯახებისთვის", - დასძინა მინისტრმა.