ეკა ბესელიამ ევროსაბჭოს მომხსენებლებს იმ საჩივრების სპეციფიკა გააცნო, რომლებიც კომიტეტში შევიდა

ეკა ბესელიამ ევროსაბჭოს მომხსენებლებს იმ საჩივრების სპეციფიკა გააცნო, რომლებიც კომიტეტში შევიდა

ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლები მმართველ გუნდს კანონიერ ძალაში შესული განაჩენების გადახევდვის მექანიზმის შემუშავებაში ვენეციის კომისიის ჩართვას ურჩევენ. 

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებთან მაიკლ იესენთან და ბორის სილევიჩთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მათთან საუბრის დიდი ნაწილი სწორედ კანონიერ ძალაში შესული განაჩენების გადახედვის ახალი მექანიზმების შექმნის საკითხს დაეთმო.

ეკა ბესელიას თქმით, ევროსაბჭოს წარმომადგენლებს აქვთ დიდი ინტერესი და მიიჩნევენ, რომ კარგი იქება თუ ამ საკითხის მომზადებაში ჩართული იქნება ვენეციის კომისია.

ეკა ბესელიამ ევროსაბჭოს წარმომადგენლებს გააცნო იმ საჩივრების სპეციფიკა, რომლებიც კომიტეტში ბოლო პერიოდის განმავლობაში შევიდა. კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შესულია 5 ათასზე მეტი საჩივარი და ადამიანები სამართლიანობის აღდგენას ელოდებიან. 

დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულების გადახედვის თაობაზე შექმნილი კომისია იყოს სრულიად თავისუფალი და ნეიტრალური პოლიტიკური გავლენებისაგან.

ეკა ბესელიასთან შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ბოლო პერიოდში განხორციელებულ ამნისტიასა და პატიმრების გათავისუფლების სხვადასხვა მექანიზმებზე. კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ეს თემა შეხვედრისას თავად წამოჭრა და ევროსაბჭო მიესალმება და პოზიტიურად აფასებს პატიმრებთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯს.