აფთრების ყმუილი

აფთრების ყმუილი

განმარტებები: აფთარი (ანუ გიენა) შეიძლება იყოს – ზოლიანი, ხალიანი და ტასმანიური ეშმაკი; ურნალისტთა შორის ყველაზე გავრცელებულია – ერორული, მიშ-იმედური და რეალ-ტივური ეშმაკი. 

თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართულ მედიაში ჟურნალისტის მოწმობას ამოფარებულ, მთავრობის დაქირავებულ პროპაგანდისტებს “ავლაბრის ტურფები” და “ურნალისტები” ვუწოდე. “ურნალისტების” ქვეშ ვგულისხმობდი რუსთაველის ცნობილი აფორიზმის პერიფრაზს, რომ ურნასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების.

მაშინვე ვიწინასწარმეტყველე, რომ რაც უფრო გავიდოდა დრო, ხელისუფლება სულ უფრო მეტად ტურფებად აქცევდა, სულ უფრო გებელსური პროპაგანდის ჰანგებს დაასწავლიდა და აშკარა პროვოკატორებად ჩამოაყალიბებდა, რომ რაც უფრო მეტი დრო გავიდოდა, სულ უფრო აშკარა გახდებოდა განსხვავება მეორე მხარესთან, სულ უფრო მეტი ჟურნალისტი თავისთვის მიუღებლად ჩათვლიდა ურნალისტობას და დატოვებდა ხელისუფლების პროპაგანდისტულ მანქანებს, ისევე როგორც სულ უფრო მეტი მანამდე ჟურნალისტად წოდებული სიამოვნებით გადავიდოდა ავლაბრის ტურფების რანგში და სამთავრობო პიარ-პროსტიტუციის კურსის წარმატებით გავლის შემდეგ სულ ამ ახალ, მაგრამ საკმაოდ უძველეს პროფესიას ისე აითვისებდა, რომ არ გაუჭირდებოდა სამთავრობო ფულის ათვისება არც ჭინჭებში, არც – ფეშენ შოუებზე  ხუნტრუცში და არც – ძვირადღირებულ ალკოვებში გრიალში. 

მიუხედავად იმისა, რომ თავად ჟურნალისტთა შორის ჩემს მაშინდელ ვრცელ სტატიას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, მგონი, დღეს ყველა ხედავს, პერსპექტივები და მოვლენების განვითარების ქარგა სწორად გამოვიცანი. 

1 ნოემბერს კი ურნალისტურ პრესას დეფილე ჰქონდა! 

ჩემთვის პირადად ბიძინა ივანიშვილის პრეს-კონფერენციის მთავარი მოქმედი გმირი თავად ბიძინა ივანიშვილი კი არ იყო – მას დღევანდელ დღეს ახლის ბევრის არაფრის თქმის საშუალება მიეცა. მთავარი მოქმედი პირი სწორედ საშოვარზე გამოსული ეს ხალებიან-ზოლებიანი ურნალისტთა ხროვა იყო, რომელთა ყმუილი ოქროყანიდან კოჯორს სწვდებოდა! 

როგორ იბრძოდნენ, შეკვეთილი mission impossible-ს ასასრულებლად როგორ ფანტასტიურ მალაყებს გადადიოდნენ, ტომ კრუზსა და პირს ბროსნანს რომ შეშურდებოდათ! როგორ ირეკლებოდა მათ გაფართოებულ თვალებში ის მსხვილი ჰონორარებიც, რასაც დავალების პირნათლად ასრულებისთვის მიიღებდნენ და ის ლამის ცხოველური შიშიც, რაც სააკაშვილის მიკროგებელსების მხრიდან დავალების ჩაგდებისათვის შესაძლო დათხოვნაზე ფიქრს მოჰქონდა! იბრძოდნენ, ერთმანეთსაც ჰკრავდნენ მუჯლუგუნს, აღარფერს ვამბობ წესიერ ჟურნალისტებზე, თავიანთ ერთდროს კოლეგებს გაფართოებული თვალებით რომ უყურებდნენ, როგორც შლეგებს… და მიკროფონს რომ მოიგდებდნენ ხელში, ლამის მკლავჭიდის ჩემპიონებივით ებერებოდათ მანამდე ნაზი ბიცეპსები!

- ლიკა, დაწყნარდი მე ვაპირებ მაგ კითხვის დასმასო – მთელი დარბაზის გასაგონად გაიძახოდა ერთერთი შეთქმული მეორის გასაგონად, მაგრამ იმ მეორეს, ხალებიანს, არ უნდოდა ისე წასულიყო, რომ კბილი არ ჩაესო… როგორ მედგრად იბრძოდა “იმედის” ქერათმიანი ჩოლკიანი ტურფა, რომ 230 კაციდან ერთადერთს მოეხერხებინა და უკვე მეორეჯერ ხელთ ეგდო ნანატრი მიკროფონი… 

როგორ დურად და ძმურად იცავდნენ ჩხრეკისგან თავისუფლების წმიდათაწმიდა უფლებას! თუმცა, ხვალ რომ პრეზიდენტის სასახლეში საწმერთულები გაუჩხრიკონ, ალბათ ღაწვებიც არ შეეფაკლებათ, ტურფათ! და ვინ გაბედავს ჩხრეკაზე კრინტის დაძვრას. მაღლის დაცვისგან ჩხრეკა ხომ ავლაბრის ტურფებისთვის ცხონებაა და იქნებ მდგრადი კარიერის დასაწყისიც!.. 


როგორც გამოირკვა, ბლოკნოტების შემოწმების სპექტაკლი სრული პროვოკაცია იყო – სპეციალურად დადგმული, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ ფაქტზე მრისხანე და აღშფოთებული განცხადება გაეკეთებინა… 
ვიცი, რომ ვაჭარბებ! 

ვიცი, რომ ივანიშვილის მიმართ კითხვები არის და იქნება, რომ სულაც არაა საჭირო მისი პიროვნებისაგან მესიის გამოქანდაკება და ნებისმიერი უხერხული კითხვის თვითცენზურული ჩახშობა! 

მაგრამ სხვაა, როცა კითხვები აქვთ ია ანთაძეს, ლელა გაფრინდაშვილს, ნინო ჟიჟილაშვილს… და სხვაა, როცა აგრესიულდა ჩასაფრებულ კითხვებს სვამს ეს აგრესიულად მორჩილი ურნალისტური უმრავლესობა! 
ესენი ხომ ისინი არიან, ვისაც არ უჩნდება კითხვები მიშასთან, ვანოსთან, გიგისთან! მათ არაფერი უკითხავთ გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოს დადგენილებაზე! მათ არაფერი უკითხავთ ტალიავინის დასკვნის იმ ნაწილზე და საპარლამენტო ასამბლეის იმ დასკვნაზე, სადაც საქართველოს ხელისუფლების მიერ საომარი მოქმედებების დაწყება დადასტურებულია და ის მოგონილი ვერსია, რომ როკის გვირაბში ამ დროს უკვე რუსები შემოსულნი იყვნენ, გაბითურებულია. მათ არ აქვთ კითხვა კეზერაშვილის და რურუების ბიზნესებზე, მათ არ აქვთ კითხვები მილიარდობით გაფლანგულ ლარზე, პრეზიდენტის საიდუმლო ფონდებზე, პრეზიდენტის ორგიებზე, მერაბიშვილის და კოდუას ხელქვეითების უკანონო ქმედებებზე, საპროცესო გარიგებებით გაყვლეფილ უდანაშულო ადამიანებზე, თბილისიდან გადასახლებულ ლტოლვილებზე, უგულავას მიერ მონოპოლიზირებულ სამარშრუტო ტაქსებზე და სწრაფი კვების ობიექტებზე!.. 

აი, ამას ყველაფერს რომ იკვლევდნენ და არკვევდნენ ჩვენი ურნალისტები, მაშინ არ დავარქმევდი მათ ამ სახელს და არ გავუტოლებდი აფთრებს! 

მაშინ ვიფიქრებდი, რომ აგრესიული კითხვები, სიმართლის მიკვლევის ჟინი და ჟურნალისტური გამოძიების უფლებისათვის ბრძოლა მათთვის ისეთივე ბუნებრივია, როგორც კრისტიან ამანპურისთვის თუ ნანა ლეჟავასთვის. 
მაგრამ ესენი ძალიან ცალ კარში თამაშს არიან მიჩვეულნი… აქამდე რვა წელია გაუდით და ადვილად ჭამენ ნაზუქებს, დადიან საზღვარგარეთ ბოზტურებში და ნაბახუსევზე გრიალებენ მერიის გადახდილ რედისონის ჯუნიორ სუიტებში… ნუ შეიძლება ხანდახან მაღალმა აუზში დაუპიროთ “ინტერვიუს მიცემა”, მაგრამ კარგი ურნალისტი მაღალის მათრახს არ დაიკრავსო, ნათქვამია! 

- ნუ ნერვიულობთ, დაწყნარდითო – სიცილით უთხრა ბიძინა ივანიშვილმა ბრძოლაში ალეწილ ამორძალებს! 
გააფარჩაკა! როგორც მაღალი იტყოდა… 

და ამათზე რომ ვლაპარაკობ, ამ აკანკალებულ საცოდავ ხელის ურნალისტებზე, სულ იმათზე ვფიქრობ, აფთართ მწურთნელებზე, ნერვიულად რომ ჰქონდათ კრიჭა შეკრული და ერთმანეთს უყურებდნენ: 

- გამოვრთოთ? აშკარაა, რომ ჩავარდა ნადირობა! გამოვრთოთ? 

ყველაფერი მზად იყო გამოსართავად – საზარხის პროფილაქტიკური განცხადება – რომ იქ თურმე არნახული შეურაცხყოფა და ძალადობა ხდება ჟურნალისტებზე, ბლოკნოტების გადაფურცვლა და აღშფოთება. საზარხის ჟურნალისტის ქრესტომათიული პირველი კითხვა დაწერილი დაზვერვის და პროვოკაციის მთავარი კანონების გამოყენებით… ჩვენ მიღებული გვაქვს პირობა! ერთი შეკითხვა დასვეს, მეორე, მესამე უნდოდათ… აღშფოთება, სპეციალურად მომზადებული თავისი მიკროფონი და მიკროდინამიკი, რომელიც ყურადღების მისაპყრობად იყო გამოყენებული – დემოკრატიას ჩაგრავენ, ძმებო და დებო – აფთრებო! 

ყველაფერი მზად იყო პრეს-კონფერენციის ჩასაშლელად! 

თვალსაც უკრავდნენ უკვე… ბრძანებას ელოდნენ… 

უკვე იმის მოლოდინი მქონდა, რომ ვინმე წითელი საღებავით სავსე ცელოფნის პარკსაც დაიხევდა ჯიშიან მკერდზე და გაიშოტებოდა კივილით -ააა, მომკლაა ამ პუტინის მოგზავნილმააა! 

არ გამორთეს! მიხვდნენ, რომ უარესი იქნებოდა… 

ბიძინა არ გააფთრდა, ღიმილით მოუწოდებდა დამშვიდებას და ერთმანეთის პატივისცემას… ამიტომ ვერ გამორთეს! უფრო მეტად გაფარჩაკდებოდნენ! 

პრეს კონფერენცია ჩატარდა…

ურნები დროებით დაიცალა… 

და ამაღამ ბევრი იფიქრებს იმაზე, რა ძნელია აფთრის ბედი საქართველოში, სადაც ხალხს იმედი გაუჩნდა… არველაძის კი არა, ნამდვილი იმედი…