თანამედროვე რუსეთი, მისი წინამორბედების დარად, აგრძელებს საქართველოს მიმართ თანმიმდევრულად მტრული და უაღრესად ხისტი პოლიტიკის გატარებას. დიდია ალბათობა იმისა, რომ ზემოთაღნიშნული საფრთხე გაიზრდება. რუსული აგრესიის პრევენციის თვალსაზრისით კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ამ სახელმწიფოს კარგი ცოდნა, რითაც ჩვენ ნამდვილად ვერ დავიკვეხნით.
შეცდომას უშვებს ის, ვინც ცდილობს რუსეთისა და რუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენის ანალიზის პრიმიტიულ კლიშეებამდე დაყვანას. ზემოთაღნიშნულის მკაფიო მაგალითია თუნდაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დემონიზაცია, რაც ესოდენ დამახასიათებელი იყო სააკაშვილისეული პროპაგანდისათვის. ანალოგიურ კონტექსტში უნდა იყოს განხილული, რუსეთის იდეალიზაციაც და ამ უკანასკნელთან დაკავშირებული მითი, რუსული სახელმწიფოს ფარგლებში „ორი რუსეთის“ – „კეთილი რუსეთისა“ და „ბოროტი რუსეთის“ არსებობის შესახებ. ერთი სიტყვით, ცდებიან ქართველი რუსოფობებიცა და რუსოფილებიც. აქედან გამომდინარე, რუსეთზე საუბრისას აუცილებელია ამ ქვეყნის სიღრმისეული შეცნობა. ამისათვის კი სასარგებლო იქნებოდა დიდი რუსი პოეტისა და დიპლომატის ფიოდორ ტიუტჩევი ცნობილი ლექსის გახსენება:
Умом Россию не понять,/ Аршином общим не измерить./ У ней – совсем другая стать,/ В Россию можно только верить. გონებით რუსეთს ვერ განსჯი,/ საერთო არშინსაც ვერ მიუსადაგებ./ ის ყველასგან გამორჩული ბუნებისაა,/ რუსეთის მხოლოდ გწამდეს უნდა.
რატომღაც მგონია, რომ ამ უდაოდ ნიჭიერ და პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალულ ლექსში ტიუტჩევი დიპლომატი საუბრობს უფრო ვიდრე ტიუტჩევი პოეტი, ვინაიდან, „ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო“ ისეა. ვინც იწამა უანგაროდ რუსეთის სახელმწიფოსი, რა მიიღო სანაცვლოდ კარგად ვიცით. საქართველოს უახლეს ისტორიას რომ დავანებოთ თავი, ერეკლე მეორის დროინდელი ქართული დიპლომატიისა და ბაგრატოვანთა უძველესი მონარქიის კრახიც გვეყოფა ქართველებს ამის გასახსენებლად.
რუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი გაცილებით უფრო სიღრმისეულად და ნაკლებად „დერჟავულად“ აქვს ახსნილი ვლადიმირ სოლოვიოვს:
О, Русь! В предвиденье высоком/ Ты мыслью гордой занята;/ Каким же хочешь быть Востоком:/ Востоком Ксеркса иль Христа? - ო რუსეთო! მაღალი განჭვრეტისას/ შენ ამაყი აზრით ხარ შეპყრობილი;/ მაშ, როგორი აღმოსავლეთი გინდა იყო:/ ქსერქსეს თუ ქრისტეს აღმოსავლეთი? (თარგმანი ნუგზარ ზაზანაშვილისა).
შინაგანი პატიოსნებისა და რაფინირებული ინტელექტუალისათვის ჩვეული რეფლექსიიდან გამომდინარე, ვლადიმერ სოლოვიოვი ჰამლეტისეულ სტილში სვამს ამ უმნიშვნელოვანეს კითხვას, რომელზედაც პასუხი მისთვის უცნობია.
იქნებ ჩვენ მოვახერხოთ ზემოთაღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემა? მაინც რა არის მიზეზი რუსული სახელმწიფოს პერმანენტული აგრესიულობისა?
ჩემი აზრით, ეს არის „მოსკოვის რუსეთის“ მიერ მონღოლური სამხედრო-სახელმწიფოებრივი სტრუქტურების ბრმა კალკირების, ბიზანტიური მესიანიზმისა და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორების სინთეზის შედეგი. თუმცა, მთავარი მიზეზი უფრო პროზაულია, რასაც მიხაილ ლერმონტოვზე უკეთ ალბათ ვერავინ იტყოდა:
Прощай, немытая Россия, страна рабов, страна господ,/ и вы, мундиры голубые, и ты, им преданный народ./ Быть может, за стеной Кавказа сокроюсь от твоих царей,/ От их всевидящего глаза, от их все слышащих ушей. - მშვიდობით პირდაუბანელო რუსეთო, მონებისა და მათი პატრონების ქვეყანავ,/ და თქვენ ცისფერმუნდირიანნო და შენ „ერთგულო ხალხო“./ იქნებ კავკასიის მთებს მაინც შევაფარო თავი თქვენ მეფეთა დევნისაგან,/ რათა დავაღწიო თავი მათ ყოვლიმხედველ თვალებსა და ყოვლისმსმენ ყურებს.
დიახ, მიზეზთა მიზეზი რუსი ხალხის ბუნებაშია, კერძოდ კი ხელისუფლებისადმი ბრმა მორჩილების სიყვარულში. ერთი სიტყვით „როგორიც ერი, ისეთი ბერიო“.
ჩვენ კი რა ვიღონოთ? მივყვეთ დინებას, რომელიც მხოლოდ შემდგომი კონფრონტაციისაკენ მიგვიყვანს? თუ მოვიმარჯვოთ საღი აზრი, ჩვენთვის ესოდენ უცხო გონიერებასთან ერთად და ვეცადოთ ავიცილოთ დიდი განსაცდელი? ამ უკანასკნელს ალტერნატივა ნამდვილად არ გააჩნია.
იქიდან გამომდინარე, რომ არც სამხედრო სიძლიერით გამოვირჩევით და არც არავის სამხედრო დახმარების იმედი არ უნდა გვქონდეს, საქართველოს ყოფნა-არყოფნა რუსეთთან მიმართებაში რელევანტური პოლიტიკის გატარების უნარსა და მაღალპროფესიული დიპლომატიური სამსახურის დახვეწილ მუშაობასთანაა დაკავშირებული. ყველაფერი ზემოთაღნიშნული კი ქართველი დიპლომატებისაგან არამარტო რუსული პოლიტიკის, რუსული მენტალობისა და კულტურის კარგ ცოდნას მოითხოვს.
ძნელად წარმოსადგენია ახალგაზრდა ქართველ დიპლომატებს ზემოთაღნიშნული უნარ-ჩვევები რომ გააჩნდეთ. ნაციონალური მოძრაობის მიერ 2003-2012 წლებში დაშვებული შეცდომების ხვედრითი წილი კი ამ სავალალო ვითარებაში დიდია, ვინაიდან სააკაშვილის მმართველობისას რუსული ენის ფაქტობრივი დევნა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში იყო აყვანილი. მარტო ის სასაცილო გადაწყვეტილება რად ღირს, საზოგადოებრივ ადგილებში რუსულენოვანი სიმღერების აკრძალვას რომ ეხებოდა.
ამ ყოვლად პრიმიტიული ლოგიკით რომ ეხელმძღვანელათ, II მსოფლიო ომის დროს
უნდა აეკრძალათ ევროპასა და აშშ-ში ბეთჰოვენის, შუბერტის, ვერდის მუსიკა. შეეზღუდათ საკანონმდებლო წესით გერმანული რომანსების, იტალიური ოპერის შესრულება ან თუნდაც გერმანული (ორივე მსოფლიო ომის დროს) იტალიური და იაპონური (მეორე მსოფლიო ომის დროს) ლიტერატურის გამოცემა. არაფერი მსგავსი არ მომხდარა. უფრო მეტიც. ისეთ ტოტალიტარულ, ერთმანეთთან დაუნდობელ ომში ჩაბმულ ქვეყნებშიც კი, როგორიც იყო ფაშისტური გერმანია და სტალინური საბჭოთა კავშირი, მოსახლეობა და პოლიტიკური ელიტა სიამოვნებით უსმენდა გერმანიაში რუსულ რომანსებს, საბჭოთა კავშირში კი გერმანულ საესტრადო სიმღერებს („როზამუნდა“ საერთო სახალხო „ჰიტადაც“ კი იქცა იმ დროინდელ რუსეთსა და საქართველოში).
ყოველთვის, განსაკუთრებით კი ომიანობის პერიოდში, მტრის ენის შესწავლა იყო ხოლმე ყველაზე საშური საქმე. ასე იყო და არის დღესაც მთელ მსოფლიოში. ერთადერთი ქვეყანა ყოფილა გამონაკლისი და, თუ გამოცნობთ - რომელი?
დიახ, ჩვენი...
უფრო მეტიც, მედიაში, განსაკუთრებით კი სოციალურ ქსელებში ძალიან ხშირად ისმის სხვადასხვა „ცნობადი“ სახეების მიერ გახმოვანებული ყოვლად უგუნური ნარატივი: „რაც უფრო ცუდად გვეცოდინება რუსული ენა, მით უფრო მალე დავშორდებით რუსეთს და შევამცირებთ ამ ქვეყნიდან მომდინარე აგრესიის საშიშროებას“. თითქოს რუსული თუ დაგვავიწყდება, რაღაც უხილავი ძალა აიღებს და „გადააჩოჩებს“ რუსეთს ძალიან შორს ჩვენი საზღვრებიდან. ქვიშაში თავჩარგული სირაქლემას პოზიციას ხომ არ წააგავს ყველაფერი ეს? პასუხი მკითხველისთვის მიმინდვია.
სწორედ ზემოთაღნიშნული უგუნურობის პირდაპირი შედეგია ის, რომ დავკარგეთ გაეროს ერთ-ერთი ენის (მხედველობაში მაქვს რუსული ენა) ე.წ. „მტარებლის“ („Native Speaker“)-ის სტატუსი, შედეგად კი რა მივიღეთ? „მტრის ენაზე” ჩვენი ახალგაზრდობის დიდი ნაწილი - „Моя твоя не панимай... куши куши мала мала“-ს, ხოლო „მეგობრების“ ენაზე - „How do you do - სევაიდუს” დონეზე მეტყველებს.
ამ დროს კი დიპლომატიის ანბანია, რომ ყველაზე რთული არის საერთაშორისო ურთიერთობებში მოლაპარაკებების წარმოება, ამ ამოცანის ჯეროვანი შესრულება კი ოპონენტთან სრულყოფილი კომუნიკაციის მიღწევის უნართანაა დაკავშირებული, რაც მოლაპარაკებების პროცესში ჩართული უცხო ქვეყნის ენის, კულტურის, მენტალური თავისებურებებისა და მრავალი სხვა ნიუანსის საფუძვლიან ცოდნას მოითხოვს.
იქიდან გამომდინარე, რომ გონებრივად ჩამორჩენელებისა თუ სხვა მძიმე ფსიქიკური დაავადებით შეპყრობილ ადამიანთა გარდა, ყველასთვის ნათელია, რომ რუსეთს სამხედრო ძალით ვერ დავამარცხებთ, ნათელია, რომ თავის გადარჩენა მხოლოდ დიპლომატიური გზით შეგვიძლია. თქვენ წარმოიდგინეთ, აქაც არის აზრთა სხვაობა. მაგალითად, ბევრი ფიქრობს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებს არავითარი აზრი არა აქვს და ეს დიალოგი საზიანოა საქართველოსათვის.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ მართალნი არიან რუსეთთან დიალოგის წარმოების მოწინააღმდეგენი და თუკი მართლა შეწყდა რუსეთთან დღეს არსებული ყველა დიპლომატიური კომუნიკაცია, ხომ ყველასთვის ნათელია, რომ ჩრდილოელ მეზობელთან სერიოზულ დიალოგის დაწყებას მომავალში მაინც ალტერნატივა არ ექნება? და ამისთვის მზად არ უნდა ვიყოთ? ვფიქრობ, რომ პასუხი ამ კითხვაზე ყველასთვის ნათელია!
როგორც გამოცდილი დიპლომატი ერთს კი დავძენდი: მეზობელ, და მით უმეტეს ჩვენდამი მტრულად განწყობილ სახელმწიფოსთან, დიალოგი ჩვენი ქვეყნისათვის საზიანო მხოლოდ მთავრობის მიერ მცდარი საგარეო-პოლიტიკური კურსის გატარებისა და ქართველი დიპლომატების არაპროფესიონალიზმის შემთხვევაში შეიძლება გახდეს.
საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ კურსთან მიმართებაში არ მგონია ვინმეს სერიოზული პრეტენზიები გააჩნდეს. ჩვენი დიპლომატიური კორპუსის სასახელოდ კი მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ საბედნიეროდ დღეს გვყავს თუნდაც ზურაბ აბაშიძე და სხვა ქართველი დიპლომატები (სამწუხაროდ არც თუ ისე ბევრი), რომლებიც უზადოდ მეტყველებენ რუსულ ენაზე და გამართულად წერა-კითხვაც ხელეწიფებათ. მაგრამ რა იქნება 5-10 წლის შემდეგ, როდესაც უფროსი თაობა აქტიური დიპლომატიიდან წავა? რა გონიათ ჩვენ რუსულის არმცოდნე ახალგაზრდა დიპლომატებს, რუსები მათ ინგლისურად დაელაპარაკებიან? და რომც დაელაპარაკონ, როგორ გგონიათ, ასეთი დიალოგი კეთილგანწყობილი და პროდუქტიული იქნება?
ძალიან მეეჭვება...
და რისი იმედი გვაქვს? იმისი, რომ რუსეთში მცხოვრებ და რუსული ენის კარგად მცოდნე ქართველებს გამოვიყენებთ ამისათვის? ერთობ საშიში ილუზიაა! არ მინდა ამ საკმაოდ დელიკატურ სფეროში უფრო ღრმად შესვლა, ეს ქართული სპეცსამსახურების პრეროგატივაა, მაგრამ ლაპარაკი დაწყება ამაზეც ხომ საჭიროა?
რაღა შორს წავიდეთ, ჯერ კიდევ სააკაშვილმა მისთვის ჩვეული უგუნურობიდან გამომდინარე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად გრიგოლ ვაშაძე დანიშნა, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ რუსეთის მოქალაქე იყო (თუ არ ვცდები, მოგვიანებით მან მიმართა განცხადებით რუსეთის პრეზიდენტს ამ ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ და მართალი გითხრათ ვერაფერს გეტყვით რა შედეგით დასრულდა პუტინის ადმინისტრაციაში ვაშაძის ამ განცხადების განხილვა). იმ პერიოდშივე გახდა ცნობილი, რომ 1990-იან წლებში გრიგოლ ვაშაძე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრის აპარატშიც კი ყოფილა ნამუშევარი. უფრო მეტიც, დღეს გრიგოლ ვაშაძე სააკაშვილის პარტიისა და მისი „კუდების“ ხელდასხმულ საპრეზიდენტო კანდიდატად მოგვევლინა.
ჰოდა, ამის შემდეგ რომ დაიწყებენ ნაციონალები „ჩემი შენ გითხარი, გული მოგიკალის“ პრინციპით პოლიტიკური ოპონენტების პრორუსულობაში დადანაშაულებას, არ იქნებიან ცხვირში მუშტის დარტყმის ღირსები? „აი ამათ კი ჰყოლიათო“ - ზედგამოჭრილია ნაციონალებზე მიხეილ ჭიაურელის ცნობილ ფილმში „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“ აკაკი ხორავას მიერ განსახიერებული კოლორიტული პერსონაჟის, გიჟუას ეს სიტყვები. ისე, ჩვენში დარჩეს და გიჟების რაოდენობა მე-19 საუკუნის თბილისელ ყარაჩოღელებში ალბათ გაცილებით ნაკლები იქნებოდა, ვიდრე დღევანდელი ნაციონალური მოძრაობის მომხრეებშია.
ასეა თუ ისე, ყველაფერი ზემოთ აღნიშნული, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იქნება ეს თუ რუსეთთან ურთიერთობების დალაგება ჩვენი, ქართველი ერის გასაკეთებელია. რუსეთი სულ იქნება ჩვენს მეზობლად და მასთან დიპლომატიური კომუნიკაციის გაღრმავება, რასაც არ უნდა ფიქრობდნენ პოლიტიკური დილეტანტები და დემაგოგები, ყოველთვის დარჩება დღის წესრიგში. ამ მიმართულებით ყველა რეზერვია ასამოქმედებელი.
თავს უფლებას მივცემ, ერთ-ერთ ასეთ რეზერვზე მოგახსენოთ. მოარული და ყოვლად ამაზრზენი აზრის საწინააღმდეგოდ, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში თითქმის ყველა სფეროში, და მათ შორის დიპლომატიაში, საკმაოდ არიან პროფესიონალები. შეუძლებელია საერთაშორისო ურთიერთობების ურთულეს დარგში მრავალი წლის წარმატებული გამოცდილების მქონე ადამიანები მოვიხსენიოთ ყოვლად უადგილო ეპითეტით - „ყოფილი“ დიპლომატი.
ვერ იქნებიან ვერასოდეს „ყოფილნი“ თავისი დარგის ჭეშმარიტი პროფესიონალები, განსწავლული (ბევრი დღევანდელი ახალგაზრდისაგან განსხვავებით) ადამიანები, მხოლოდ იმიტომ, რომ 2003-2012 წლებში დაუნდობლად იქნენ “ჩარეცხილნი“ სააკაშვილის სამარცხვინო ხელისუფლების მიერ. დიპლომატები, რომლებიც რუსული ენაზე რომ არაფერი ვთქვათ, ამ ერის მენტალობას, კულტურას „Дорогие друзия, приезжайте в Грузия“- ს დონეზე ბევრად უკეთ იცნობენ და დიპლომატიური მოლაპარაკებების წარმატებული გამოცდილებაც გააჩნიათ. ცუდი მხოლოდ ის არის, რომ ქართულ სახელმწიფოს მთლიანობაში, და კერძოდ, ჩვენი ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ უწყებას ბევრი ზემოთ დასახელებული ადამიანი საფუძვლიანად ჰყავს მივიწყებული.
საგარეო საქმეთა სამინისტრო არც სამართლიანობის აღდგენით იკლავს თავს, რაც მისი ბრალი ნამდვილად არ არის, ვინაიდან მაინცდამაინც „ქართული ოცნებაც“ არასოდეს „გაქაჩულა“სააკაშვილის დროინდელი განუკითხაობის რეალური სამართლებრივი შეფასებებისაკენ, საჯარო და დიპლომატიური სამსახურიდან უსაფუძვლოდ დათხოვილი დამსახურებული ადამიანების სამსახურებში აღსადგენად. აბა „პორტირებული“ ნაციონალები და ბოკერიას ხელდასხმული „დიპლომატიური“ კადრები დასასაქმებელნი და „შესანახნი“ ხომ არიან? ვის ცალია ნამდვილი პროფესიონალებისათვის?
ვშიშობ, რომ ზედმეტი ფუფუნებაა საქართველოსათვის ჩვენი საგარეო-პოლიტიკური უწყების ასეთი „გულმავიწყობა“. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ როგორც ეს ჩვენში ხშირად მომხდარა, შეიძლება „თითზე საკბენად“ გაგვიხდეს საქმე ამის გამო და, საკმაოდ მალეც. ძალიან ცუდად მენიშნა (და არა მარტო მე, ჩემთან ერთად ბევრ სერიოზულ ამერიკელ თუ ევროპელ პოლიტოლოგს) ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის ერთობ საეჭვო „ფლირტის“ დაწყება ჰელსინკიში, რომელსაც ჩვენთვის არც თუ ისე სასიამოვნო შედეგები შეიძლება მოჰყვეს.
ამიტომაც უნდა ვიყოთ ყველაფრისათვის მზად და ბოლოს და ბოლოს ვისწავლოთ „გზის დანახვა, სანამ ურემი გადაბრუნდება“. ამიტომაც ვიტოვებ უფლებას დავასრულო საკუთარი შეხედულებების წამოდგენა და განვაცხადო შემდეგი:
• ჩვენი სამშობლოს მომავალი დიდ საფრთხეშია და ეს საფრთხე ჩრდილოეთიდან მოდის, რაც თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობისათვის უდიდესი გამოწვევაა;
• მეოთხედ საუკუნეზე მეტია, განსაკუთრებით კი 2008 წლის აგვისტოს ომის წინა წლებსა და მის შემდგომ პერიოდში (2012 წლამდე) ჩვენი ქვეყანა და მისი დიპლომატია, ვერ ართმევს თავს ჯეროვნად ზემოთ აღნიშნული გამოწვევის დაძლევის რთულ ამოცანას, რისი დასტურიცაა სააკაშვილის რუსული „დიპლომატიის“ სრული კრახი და „ვარდების ხელისუფლების“ მიერ ძირძველი ქართული ტერიტორიების: აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სეპარაციის ფაქტობრივი „ლეგიტიმაცია“ (დიპლომატიური ძალისხმევით თავიდან ვერაცილებული და სამარცხვინოდ წაგებული „ხუთ დღიანი“ ომის შედეგად ხელმოწელილი „სარკოზი-მედვედევის“ შეთანხმებაზე, რეალურად კი სამარცხვინო კაპიტულაციაზე ხელმოწერის შედეგად );
• „ქართული ოცნების“ მმართველობის წლებშის მიღწეული რუსულ-ქართული ურთიერთობების „დათბობა“ მისასალმებელია, მაგრამ ერთობ მყიფე;
• „ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს“: ზურაბ აბაშიძის მაღალპროფესიული, ეფექტური, მაგრამ ეული ძალისხმევა საკმარისი არ არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის რუსეთის მიმართულების გასაძლიერებლად, არა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის (რაც შეუძლებელიიც არის და დაუშვებელიც), არამედ პირველ რიგში ანალიტიკური საქმიანობის გაღრმავების, მოლაპაკებების პროცესისათვის ჯეროვანი მზადების, მისი ინიცირებისა და წარმატებულად წარმოების მიზნით;
• აუცილებელია ქართული დიპლომატიის ზემოთ აღნიშნული მიმართულების ძირეული გარდაქმნა, პირველ რიგში გამოცდილი და მაღალპროფესიული საკადრო რესურსებით მისი საფუძლიანი გაძლიერების მეშვეობით;
• დედის წინ მორბენალი კვიცებისა და „ეიჯისტური გენოციდის“ (ამ ტერმინს აწ განსვენებულ კახა კაციტაძეს დავესესხები) სამარცხვინო პერიოდი წარსულს უნდა ჩაბარდეს! ქართული დიპლომატიის ამ იმნიშვნელოვანესი მიმართულების მხოლოდ „პოტომაკდალეული“ ახალგაზრდობის ამარა დატოვება დაუშვებელია. დიპლომატების უფროსი თაობის „ჩარეცხვის“სააკაშვილისეული დანაშაულებრივი პოლიტიკა კი, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა იქნეს დაგმობილი, რისი ლოგიკური შედეგიც იქნებოდა ქართულ საგარეო-პოლიტიკურ სამსახურში სამართლიანობის აღდგენის პროცესის რეალური დაწყება.