„მტრის არ მცნობი, მოყვრის მგმობი...“

„მტრის არ მცნობი, მოყვრის მგმობი...“

გამაოგნებლად გულსატკენია, როცა ქ-ნ სალომეს სიმართლის თქმისთვის განსაკუთრებული აგრესიულობით თავს ესხმიან. რა არ ჰკადრეს და რა არ აბრალეს!

არა, ნაცებისგან და მათი მომხრეებისგან სიმართლისათვის დევნა განა ვის გაუკვირდება, თუმცა ამგვარი გინების მოსმენა იმ ადამიანებისგან, ვინც 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში სააკაშვილის წინააღმდეგ მისცა ხმა, მართლაც საკვირველია. ნუთუ ამ ხალხმა პოზიცია დიამეტრულად ისევ შეიცვალა?!

სამაგალითოდ, ყველაზე ზომიერ კომენტარს მოვიყვან, რომელიც პატივსაცემ ქალბატონსა და ერთ დროს, სანამ „ბურჭულაძისტი“ გახდებოდა, გამორჩეულ ექსპერტს, ხათუნა ლაგაზიძეს ეკუთვნის: „ამ ჰიბრიდული ომის მეორე ნაწილი ძალიან ეფექტიანად მუშაობს დასავლეთში, როდესაც შენი ორი საპრეზიდენტო კანდიდატი საპრეზიდენტო კამპანიას იწყებს განცხადებით, რომ თურმე ომი საქართველომ საკუთარ ტერიტორიაზე გამოუცხადა რუსეთს, ეს, რა თქმა უნდა, სერიოზულ გამოძახილს პოვებს უცხოურ პრესაში. ამ ბოლო დღეებში გერმანულ (არა მხოლოდ) პრესაში გაჩნდა სტატიები, რომელთა სულისკვეთება იყო სწორედ ის, რომ თურმე საქართველომ დაიწყო ომი. ესეც ცხადყოფს, როგორ კომპლექსურად მუშაობს რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ, საქართველოშიც და დასავლეთშიც. მესამე, ყველაზე მძიმე შედეგი, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს, არის საერთაშორისო სასამართლოში ამ დავის ჩვენს საწინააღმდეგოდ გადაწყვეტა და მოწმედ, თეორიულად, საქართველოს მომავალი პრეზიდენტის გამოძახება... რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს - არ ვიცი, ეს თვითლუსტრაცია იყო თუ ხელისუფლებამ მოახდინა მისი ლუსტრაცია, მაგრამ ფაქტი ერთია, სალომე ზურაბიშვილი სრულიად განიარაღებულია როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი“.

ცხადია, ეს ექსპერტიც კი, რომლის კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ მეპარებოდა, ქ-ნ სალომეს არც მეტი არც ნაკლები - სამშობლოს ღალატსა სწამებს! თქვენი არ ვიცი და ჩემთვის სწორედ ეს არის თავზარდამცემი თვითლუსტრაცია თავად ქალბატონი ხათუნას მიერ ჩადენილი....

რატომ? იმიტომ, რომ ქ-ნ სალომეს რაიმე ახალი, გინდა საშინაო და გინდა საერთაშორისო ასპარეზზე, რაც აგვისტოს ომზე მრავალგზის არ თქმულა, როგორც უდავო, ობიექტური ჭეშმარიტება, არაფერი უთქვამს!

ვისაც აღარ გახსოვთ, გაგახსენებთ: ერთ-ერთი პირველი, ვინც ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნისას საჯარო სივრცეში აგვისტოს ომზე ხმა ამოიღო, ბიძინა ივანიშვილი გახლდათ. პირველსავე სატელევიზიო ინტერვიუში, როცა იგი ასპარეზზე გამოვიდა და განსაკუთრებით, 2011 წლის 1 ნოემბერს, როცა მან პირველი პრეს-კონფერენცია მოაწყო, აგვისტოს ომზე დაურიდებლად და ხმამაღლა ითქვა სიმართლე. ამ სიმართლეს, რა გასაკვირია, იმდროინდელი ხელისუფლებისგან მაშინვე თავდასხმები მოჰყვა, აქაოდა, ივანიშვილი, არც მეტი, არც ნაკლები „პუტინის პოზიციის გამხმოვანებელი და ერის მოღალატეაო“. განა მაშინ სწორედ იგივე მიზანი არ ჰქონდა სააკაშვილს, რაც დღეს ქ-ნი სალომეს ლანძღვისას აქვს? განა ეს მიზანი ის არ არის, რომ ქართველი ხალხი დააბნიოს და იმად აქციოს, რომ თეთრსა და შავს ვეღარ არჩევდეს, სწორედ ის უკუღმართული სენი შეჰყაროს, რაზეც „ბედნიერ ერში“ გულმოკლული ილია წერდა: „მტრის არ მცნობი, მოყვრის მგმობი...“?!

ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ როგორც ახლა ქ-ნ სალომეს თავისი სიმართლის ასახსნელად და უშვერ თავდასხმებზე საპასუხოდ განმარტებების გაკეთება მოუწია, მაშინაც, 2011 წლის ნოემბერშიც ივანიშვილის პრეს-სამდივნომაც სწორედ იდენტური პასუხი გასცა იგივე შინაარსის ცრუ ბრალდებებს. აი, სიტყვა-სიტყვით ამონარიდი იმ პასუხიდან:

„ხელისუფლების წარმომადგენელთა აზრით, ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებით ღიად დაადანაშაულა საქართველო 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში, რაც, მათივე თქმით, სიცრუეს წარმოადგენს და რუსეთის ინტერესებს ემსახურება. ბიძინა ივანიშვილის მიერ 1 ნოემბრის პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებით, არსებობს ტალიავინის კომისიის დასკვნა და ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების შესახებ, რომელსაც ქართულმა დელეგაციამაც მოაწერა ხელი. ორივე დოკუმენტში დაფიქსირებულია, რომ ომის დაწყების თარიღად 2008 წლის 7 აგვისტოს ცხინვალის მიმართულებით ქართული სამხედრო შენაერთების მიერ გაუფრთხილებელი ცეცხლის გახსნა სახელდება, რასაც შედეგად რუსეთის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენება მოჰყვა. კერძოდ, ევროპის საპარლამენტო ასამბლეის N1633 რეზოლუციის მე-5 პუნქტის თანახმად, „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის წინააღმდეგ გაუფრთხილებლად საარტილერიო ცეცხლის გახსნამ მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბა და სრულმასშტაბიან ომად გადააქცია“.

რასაკვირველია, ქ-ნმა სალომემ „შეცდომა“ დაუშვა, როცა, როგორც ახლა უკვე ნათლად გაირკვა - თურმე პროვოკაციულ კითხვას - „ვინ დაიწყო აგვისტოს ომი?“, საერთოდაც პასუხი გასცა. „შეცდომა“ დაუშვა, რადგან, ჯერაც ერთი, პასუხის ღირსი საერთოდ არ არის ის, ვინც დღემდე, ამ ომიდან 10 წლის თავზეც კიდევ არ იცის, ანდა უარესი, სურს ისევ სადავოდ გახადოს ამ კითხვაზე ობიექტური პასუხი. „შეცდომა“ დაუშვა იმიტომაც, რომ წარმოუდგენელი იყო და ვერც ქ-ნმა სალომემ წარმოიდგინა - კიდევ მრავლად იქნებოდნენ ბოროტმოქმედის ზურგს უკან ჩასაფრებულნი, „მტრის არ მცნობი, მოყვრის მგმობი“ ვაი-ქართველები, რომლებიც მის პასუხს, როგორც მოეპრიანებოდათ, ისე უკუღმა, მართლაც რომ „ქაჯურად თარგმნიდნენ“ და ერთადერთი მიზნით, სიმართლის ლანძღვა-გინებისთვის გამოიყენებდნენ.

ცხადია და კამათად, რასაკვირველია, არც ღირს, რომ ყოვლად უსაფუძვლოა, დემაგოგიური და ერთობ სასაცილოც კი (სატირელი რომ არ იყოს!) იმის მტკიცება, რომ როდესაც ქ-ნმა სალომემ ბრძანა „აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყოო“, გამოცდილ დიპლომატს ისეთი აბსურდი ჰქონდა მხედველობაში, რადაც მისი ნათქვამი შემდგომში გაასაღეს - თითქოს საქართველო აგრესორია და საკუთარ ტერიტორიაზევე რუსეთს დაესხა თავს! ასევე დემაგოგიური და სასაცილოა იმის მტკიცებაც, რომ ქ-ნ სალომეს, როგორც მომავალ პრეზიდენტს, თურმე ამ გამონათქვამის გამო საერთაშორისო სასამართლოში დაიბარებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოწმედ (?!), როგორც ეს ქ-ნმა ხათუნამ დაგვისკვნა.

ეს იაფფასიანი დემაგოგია თუნდაც იმიტომაა, რომ მთელმა მსოფლიომ დიდი ხანია შესანიშნავად იცის, რაც მაშინ მოხდა და თუკი ვინმე სასამართლოში მართლაც უნდა დაიბარონ, მოწმედ კი არა, არამედ ბრალდებულად, სწორედ ის მოღალატე და ქართველი ხალხის მტერი უნდა იყოს, რომელმაც ამ სამარცხვინო ომის წამოწყებისა და რაც მთავარია, კატასტროფული შედეგებისათვის, უსათუოდ პასუხი უნდა აგოს!

დიახ: ქ-ნ სალომეს, რომ წარმოედგინა, რა აჟიოტაჟი მოჰყვებოდა მის პასუხს, ცხადია, ამ პროვოკაციულ შეკითხვას სულაც უპასუხოდ დატოვებდა, ანდა მიუთითებდა: ვისაც ეს გაინტერესებთ, კეთილი ინებეთ და რადგან თქვენდა სამარცხვინოდ, თურმე დღემდე ვერ გაგირკვევიათ, ტალიავინის კომისიის ანგარიშს, ანდა იგივე, ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას გაეცანითო.

საერთაშორისო საზოგადოების მიერ აგვისტოს ომის შესაფასებელი დასკვნა უკვე გამოტანილია, ეს დასკვა, რაც უეჭველ ფაქტებზე დგას, აღარ შეიცვლება, მოღალატე სააკაშვილის ზურგს უკან ჩასაფრებულნო, მტრის არ მცნობნო და მოყვრის მგმობნო! მეტიც - ეს დასკვნაცა და ისიც, რომ მას აღარც დამატებითი მოწმეები და მით უმეტეს - გაუთავებელი, აზრს მოკლებული დავა-კამათი აღარ სჭირდება, მკაფიოდ უნდა ესმოდეს ყოველ ქართველ მოქალაქეს!

ევროკავშირის ფაქტების დამდგენი მისიის - ე.წ. ტალიავინის კომისიის ანგარიშშიც, ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაშიც და ყველა საერთაშორისო დოკუმენტშიც, რაც ამ ომის ობიექტურად შეფასებას ეძღვნება, კითხვა: „ვინ დაიწყო აგვისტოს ომი?“ უფრო ზუსტად - „ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ამ ომის გაჩაღებისთვის?“, სრულიად ნათლად პასუხგაცემულია. რაც მთავარია, რომელიმე ერთი მხარე, ვისაც ეს პასუხისმგებლობა ეკისრება, სულაც არ არის გამოვლენილი, არამედ პასუხისმგებლობა, რასაკვირველია, თითოეულს საკუთარი წილი, ეკისრება რუსეთსაც, საქართველოსაც და თვით საერთაშორისო თანამეგობრობასაც კი.

უეჭველად დადგენილი ფაქტებიდან გამომდინარე, სწორედ ამ ომის საერთაშორისო შეფასებებზე დაყრნობითაც, ყველა ქართველი დიდი ხანია უნდა თანხმდებოდეს, რომ:

1. საქართველოს იმდროინდელ ხელისუფლებას პასუხისმგებლობა ეკისრება იმიტომ, რომ 7 აგვისტოს, ღამის 23.35 წთ-ზე წამოიწყო შეტევითი სამხედრო ოპერაცია საერთაშორისო მანდატის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე, კონფლიქტის ზონაში, სადაც ნებისმიერი, თუნდაც კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის ლეგიტიმური მოტივითაც კი. არა თუ არმიის გამოყენება, არამედ დამატებით ერთი ჯარისკაცის შეყვანაც, გარდა ხელშეკრულებით გათვალსიწინებული 500 სამშვიდობოსი, მკაცრად ეკრძალებოდა; ეს შეტევითი სამხედრო ოპერაცია გახდა რუსეთისათვის საბაბი, რათა მოეხდინა კონფლიქტის ზონაში სამხედრო ინტერვენცია და როგორც სოჭის ხელშეკრულების გარანტორს, მიეღო ზომები შეიარაღებული კონფლიქტის შესაჩერებლად და მშვიდობის აღსადგენად; სააკაშვილს უნდა სცოდნოდა, რომ მის შეტევით ოპერაციას რუსეთის სამხედრო პასუხი აუცილებლად, გარდაუვლად მოჰყვებოდა;

2. რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო პასუხისმგებლობა ეკისრება იმიტომ, რომ:

ა) ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტი იმთავითვე, 90-იანი წლებიდანვე პროვოცირებული, წაქეზებული და მართული იყო რუსეთის მიერ, რომლის სტრატეგიულ პოლიტიკურ მიზანს ამ კონფლიქტების მეშვეობით საქართველოზე მუდმივი ზეწოლა და მისი სახელმწიფოებრიობის გამუდმებით შესუსტება წარმოადგენდა; სეპარატისტების წაქეზება და რუსეთის მხრივ არა მხოლოდ აგვისტოს ომის დროს, არამედ მანამდეც და უწყვეტად, მათი სამხედრო დახმარება. კონფლიქტის ზონაში სოჭის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების გამუდმებით და უხეშად დარღვევა გახდა მაპროვოცირებელი მიზეზი, რის გამოც საქართველომ 7 აგვისტოს ღამით არაპროპორციული სამხედრო ძალა გამოიყენა;

ბ) რუსეთის მოქმედება 8-ში დილიდანვე გასცდა მისი საერთაშორისო მანდატის ყოველგვარ ფარგლებს, ვინაიდან მან გამოიყენა რა შეუსაბამოდ არაპროპორციული სამხედრო ძალა, მოახდინა ინტერვენცია არა მხოლოდ კონფლიქტის ზონაში, არამედ უკანონოდ შეიჭრა და განახორციელა სამხედრო აგრესიის აქტი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე;

გ) მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის შუამავლობით მიღწეული იქნა მხარეთა შორის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მხარეები ვალდებულნი იყვნენ საკუთარი შეიარაღებული ძალები დაებრუნებინათ საწყის პოზიციებზე, რუსეთმა არ შეასრულა რა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, უკანონოდ მოახდინა საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის სამხედრო ოკუპაცია, იურიდიულად სცნო მათი დამოუკიდებლობა, რითიც, უხეშად ხელყო რა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, მოახდინა ამ ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსია.

3. საერთაშორისო საზოგადოებასაც ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ თავის დროზე სხვაგვარად ვერ შეძლო და რუსეთს, რომელიც იმთავითვე დაინტერესებული მხარე იყო ამ კონფლიქტებში, შუამავალისა და მშვიდობისმყოფელის როლი მიაკუთვნა, რამაც საბოლოო ჯამში აგვისტოს ომამდე მიგვიყვანა.

***

უდავო ფაქტია: საქართველოს უახლოეს 30 წლიან ისტორიაში რაც ამ საბედისწერო ე.წ. ეთნო-კონფლიქტებმა ვნება მოგვაყენეს, საუკუნეებს ეყოფოდა. სწორედ ეს ე.წ. ეთნო-კონფლიქტები გახდა ქართული სახელმწიფოებრიობის შესასუსტებლად და უარესიც, მის მოსასპობად შემართული მრისხანე იარაღი ვერაგი და დაუნდობელი მტრის ხელში; სწორედ ამ „ლეტალური იარაღის“ გამოყენებას მოჰყვა აგვისტოს ომის შედეგად სამხედრო აგრესიის აქტით საქართველოს ოკუპაცია, ქვეყნის „ანიჰილაციის“ (ლავროვის ტერმინია!) გარდაუვალი საფრთხე, რისი თავიდან აცილება მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევით მოხერხდა; მოჰყვა საქართველოს იმ ტერიტორიების, რაც ომამდე ჯერ კიდევ მის იურიდიქციაში იმყოფებოდა (კოდორისა და ქსნის ხეობები) დაკარგვა, ტერიტორიული მთლინობის უკვე არა მხოლოდ დე ფაქტო, არამედ დე იურე ხელყოფა, საქართველოს განუყოფელი ნაწილების, აფხაზეთისა და ჩრდილოეთ ქართლის ფაქტობრივი ანექსია; ქართველი ერის ვნება და წამება - უდიდესი მსხვერპლი, საუკუნეების ოფილისღვრით აშენებულის ნგრევა, ქართული სოფლების მიწასთან გასწორება, ღვთისგან ნაბოძები, მამაპაპისეული სამკვიდროდან აყრა და საკუთარ სამშობლოში ლტოლვილობის უმწარესი ხვედრი, წართმეულის მავთულხლართებით შეღობვა და გამუდმებული მცოცავი ანექსია; დიახ, ყოველივე ეს მტერმა სასჯელად მოგვკერძა ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენი უპირობო, შეუვალი და საუკუნეების სიღმიდან მომდინარე უდავო უფლების - ეროვნული სუვერენიტეტის აღდგენის გამო.

ამასთან ერთად, ასევე უეჭველი ფაქტია:

კონფლიქტის ზონაში კონსტიტუციისა და ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების განსაკუთრებულად უხეში დარღვევით შეიარაღებული ძალების უკანონოდ გამოყენება, კერძოდ - 7 აგვისტოს 23.35წთ.ზე შეტევითი სამხედო ოპერაციის წამოწყება ცხინვალის ასაღებად, რაც მხოლოდ რუსეთის ინტერესებში იყო იმთავითვე და რამაც კატასტროფული შედეგები მოიტანა, სწორედ საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ეს ქმედება საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით სავსებით ობიექტურად ე.წ. ტალიავინის კომისიის მიერ ასეა შეფასებული:

„არსებობს დამაჯერებელი ფაქტები, რომლებიც აჩვენებენ, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს მიერ განხორციელებული ოპერაცია არ წარმოადგენდა მხოლოდ თავდაცვით აქციას. ამის პირველი ინდიკატორია ის, რომ ქართველ სამშვიდობო ძალათა მეთაურმა ბრიგადის გენერალმა ყურაშვილმა უშუალოდ შეტევის დაწყების შემდგომ განაცხადა, რომ ოპერაციის მიზანს წარმოადგენდა „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა“. შემდგომ მან უარყო თავისი ეს განცხადება, ხოლო პრეზიდენტმა სააკაშვილმა ღიად გააპროტესტა იგი. უფრო მნიშვნელოვანია, რომ სამხედრო ოპერაციის მიზანს წარმოადგენდა დედაქალაქი – ცხინვალი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამხედრო მოქმედება არ იყო მხოლოდ წინმსწრებ ინციდენტებზე საპასუხო რეაქცია, არამედ პოლიტიკურ მიზნებს ისახავდა.“

ცხადია, რომ შეტევით ოპერაციას აუცილებლად უნდა ჰქონოდა არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური მიზანი. სწორედ პოლიტიკურ მიზანზე მინიშნებას წარმოადგენდა ყურაშვილის ღია განცხადებაც, რომლის კომენტირებისას (იხ.ე.წ. პ.დავითაიას კომისიის სხდომების სტენოგრამა) სააკაშვილი ამბობს: „მამუკა ყურაშვილის განცხადება (კონსტიტუციური წესრიგის აღდგენასთან დაკავშირებით) იყო სრული სიბრიყვე, ამ კაცს არ ჰქონია არანაირი მანდატი ამგვარი განცხადების გასაკეთებლად. როცა ატყდა ეს ყველაფერი, მას ეს საკუთარი თავის გამოჩენის სურვილმა ათქმევინა. ეს იქნა ჩვენი მოწინააღმდეგის მიერ გამოყენებული. ეს იყო უხეში შეცდომა. კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა – ეს არის ჩეჩნური ტერმინი, რომელსაც ჩვენ არ ვიყენებთ“.

თურმე, ნუ იტყვით და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა „ჩეჩნური ტერმინი“ (?!) ყოფილა. საკითხავია: რა ტერმინით ახსნის იგი საკუთარი ბრძანების მიზანს? თუ წესრიგის აღდგენა არა, მაშ რა ამოძრავებდა სააკაშვილს? ცალსახაა, რომ პოლიტიკური მიზნის გარეშე ცხინვალის ასაღებად სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანებას რაიმე ლოგიკური ახსნა საერთოდაც არ გააჩნია. შეიძლება ეს ასეც არის და გადაწყვეტილება არა ლოგიკით, არამედ იმპულსური რეაქციითაა ნაკარნახევი. ხოლო თუ ეს აფექტური მოქმედება არ იყო და არც კონსტიტუციური წესრიგის აღდგენს გულისხმობდა, მაშ რა უნდა ყოფილიყო პოლიტიკური მიზანი? იქნებ დასავლეთის იმედად რუსეთის პროვოცირება ფართომასშტაბიან სამხედრო კონფლიქტში ჩასართავად? იქნებ ის უმძიმესი შედეგი, რაც ამ ომს მოჰყვა? – მსხვერპლი, ნგრევა, ძირძველი ქართული სოფლების მიწასთან გასწორება, მოსახლეობის ხოცვა, რბევა და დევნა, ლტოლვილები, ქართული ტერიტორიების დე-იურე აღიარება რუსეთის ფედერციის მიერ და ფაქტობრივად მათი ანექსია?

სინამდვილეში რა იყო სააკაშვილის მიზანი და მოტივაცია, ალბათ სასამართლოზე გახდება ცნობილი. მიუხედავად იმისა, თუ რა მიზანი ამოძრავებდა მას, უმძიმესი შედეგი არ იცვლება – შეტევითი სამხედრო ოპერაციის შედეგად არც კონსტიტუციური წესრიგი აღდგენილა და არც ტერიტორიული მთლიანობა, არც მოქალაქეთა სიცოცხლე, უსაფრთხოება და საკუთრება ყოფილა დაცული, არც რუსეთის აგრესია შეჩერებული, ყველაფერი სწორედაც პირიქით მოხდა. ამიტომ სააკაშვილის მოქმედებას სხვა პოლიტიკური შეფასება ობიექტურად ვერ ექნება. ნათელია, რომ ეს იყო თუ რუსეთის აგენტურული დავალების შესრულება არა, სულ ცოტა - სამხედრო–პოლიტიკური ავანტურა.

ხოლო სამართლებრივი თვალსაზრისით, სააკაშვილის ქმედებას, მიუხედავად იმისა, რა იყო მისი პოლიტიკური მოტივი -ავატურა თუ მტრის საქმის კეთება, უმძიმესი, კატასტროფული შედეგებიდან გამომდინარე, ერთადერთი შეფასება შეიძლება ჰქონდეს - ეს იყო სახელმწიფო ღალატი! (ამასთან დაკავშირებით, უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ for.ge-ზე ჩემი 2011 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული წერილი: „გამარჯვებულებს არ ასამართლებენ! ვაი დამარცხებულთ!“ http://www.for.ge/view.php?for_id=13132&bloger_id=6&cat=120

რასაკვირველია, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რომ დღემდე არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი შეფასება არ მომხდარა (ცხადია, პ. დავითაიას კომისიის კონიუნქტურულ დასკვნას, მხედველობაში ვერ მივიღებთ), რაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რომ „მტრის ვერ მცნობნი და მოყვრის მგმობნი“ ისევ გვიტევენ და უფრო მეტი გაშმაგებითაც, ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნისას!

ქვეყნის სირცხვილია!

***

10 წელი სრულდება იმ დღიდან, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სააკაშვილი, რომელმაც შესანიშნავად შეუსრულა რუსეთს დავალება და მტრის საქმე ბრწყინვალედ გააკეთა, იხსნა პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან და გადადგა ტიპიურად „გებეშნიკური“,თავისი აგენტის შემნიღბავი მორიგი ნაბიჯი, რათა იგი კვლავაც საქართველოს პრეზიდენტად დარჩენილიყო.

რასაკვირველია, ვგულისხმობ გაეროში მომხდარ სკანდალს, როცა კონდოლიზა რაისმა ლავროვი ამხილა - სატელეფონო საუბარში სააკაშვილის ხელისუფლებისგან ჩამოშორება მომთხოვაო.... იმთავითვე ნათელია - ლავროვს, მართლაც რომ ნდობებოდა სააკაშვილის დასჯა, ნუთუ სხვას ვერაფერს მოიფიქრებდა - კონდოლიზა რაისს ყურში ჩასჩურჩულებდა ამის შესახებ... ნუთუ მაგის, ე.ი. ამ შემთხვევაში - კონდოლიზას, ჩიტია ლავროვი, რომ რაცა სწადია, ყურში ჩასჩურჩულოს?!

ნებისმიერი პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციით ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლინობისა და ჩვენი უფლებების გარანტია, ამ სამარცხვინოდ წაგებული ომის შემდგომ, თუკი მას შუბლის ძარღვი არ ექნებოდა გაწყვეტილი და ელემენტარული პასუხისმგებლობის გრძნობა მაინც გააჩნდა, ულაპარაკოდ გადადგებოდა თანამდებობიდან. ცხადია, ეს ივარაუდა ლავროვმაც - რომ მალე მთელი მსოფლიოსთვის ცხადი გახდებოდა სააკაშვილის ნამდვილი როლი ამ ომში და დადგა კიდეც ეს სპექტაკლი. ვითომ სააკაშვილი ჩვენი საქმის შემსრულებელი(რუსები იტყვიან - „ისპალნიტელი“) კი არა, მთავარი სამიზნე და მტერიაო. ვჭამეთ (მერამდენედ?!) და დავუჯერეთ.

არადა, ახლაც ჩამესმის ლავროვის მუქარა, მთელი მსოფლიოს გასაგონად, უპრეცენდენტოდ აგრესიული, მართლაც შემზარავი, რომლის მსგავსი, ჰიტლერს თუ არ ჩავთვლით, მე პირადად მსოფლიო პრაქტიკიდან არც მახსენდება. ლავროვმა რუსეთის მიზანი დაუფარავად განაცხადა: „მოხდება საქართველოს ანიჰილაცია...“ დიახ, საქართველო იყო და არის ლავროვის სამიზნე და არა მისივე „ისპალნიტელი“ სააკაშვილი.

საუბედუროდ, ამ გამაოგნებელად თავხედურ და შემზარავ მუქარასაც კი, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მსოფლიო თანამეგობრობის მხრივაც, იმდენი აღშფოთება და დიპლომატიური სკანდალი არ მოჰყოლია, რაც სააკაშვილის ძალაუფლების დაკარვის ვითომ რუსეთისგან შექმნილ ცრუ-საფრთხეს.

ვშიშობ, კიდევ მრავლადა გვყავს „მტრის ვერ მცნობი, მოყვრის მგმობი“ ვაი- ქართველი, რომლებიც არ მოიშლიან ყიჟინას და ისევ მკერდზე მუშტის ბრაგუნით იბღავლებენ: „ბედი ქართლისა და ბედი სააკაშვილისა რამ გაყოო?“ ხოლო, თუ მაინც შეეკამათები, ისე გამოგლანძღავენ, როგორც ახლა ქ-ნი სალომე ლანძღეს.

ასეა. რაცა გვჭირს, უწინარეს ყოვლისა,საკუთარი თავისგანა გვჭირს, თორემ თუნდაც ვერაგი და დაუნდობელი მტერი რას დაგვაკლებდა? თეთრი შავისგან ვერ გაგვირჩევია და მსოფლიოს დასაცინად ვიგდებთ თავს.

...მახსენდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ჩვენი მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის ყოვლად სამარცხვინო გამოსვლა, როცა ერთმა გერმანელმა დეპუტატმა, სიტყვა გააწყვეტინა და პირდაპირ ჰკითხა: „იცოდით თუ არა, რომ თქვენს მოქმედებას რუსეთის მხრიდან გარდაუვალი სამხედრო პასუხი და ამგვარი უბედურების მომტანი ნაბიჯი მოჰყვებოდაო?“ ტყეშელაშვილმა ისე, რომ წარბიც არ შეუხრია, უპასუხა: „დიახ, ვიცოდითო!“ გერმანელ დეპუტატს არავითარი კომენტარი აღარ გაუკეთებია, მრავლისმთქმელი იყო მხოლოდ მის სახეზე აღბეჭდილი უკიდურესი გაოგნების გამომხატველი ემოცია... სიტვებით ვერც გამოხატავდა იმ ელემენტარულ დასკვნას, რაც ტეშელაშვილის პასუხიდან თავისთავად გამომდინარეობს: აშკარაა, რომ საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ თურმე მტრის საქმე აკეთა იმ ომში, ხოლო ამ მტრის საქმის ნებსით თუ უნებლიედ გამკეთებელი, საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვდა ახლა ქვეყნის შველას. ცხადია, გერმანელი დეპუტატისთვის მეტი სირცხვილი, ამაზე მეტი თავის მოჭრა, უბრალოდ - წარმოუდგენელია!

კიდევ ერთიც: უკრაინელებმა, მართალია გვიან, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მაინც გაშიფრეს სააკაშვილი, როგორც ვერაგი მტრის მოგზავნილი „ისპალნიტელი“ და სულ პანჩურის რტყმით გააძევეს საკუთარი ქვეყნიდან... ჩვენ რა გვჭირს, ჩვენ?!