პროკურატურა დედაქალაქის მერის, გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლოს ხვალ მიმართავს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურში მისულმა გიგი უგულავამ გამოძიებასთან არ ითანამშრომლა და გამოიყენა დუმილის უფლება. შესაბამისად, დედაქალაქის მერის დაკითხვა არ მომხდარა და მას მხოლოდ ბრალი წარედგინა.
სუხიაშვილის განმარტებით, კანონით გათვალისწინებულ ვადაში, ხვალ 18:00 საათზე, პროკურატურა სასამართლოს გიგი უგულავას მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე მიმართავს.
თბილისის მერ გიგი უგულავას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბრალი დღეს სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლებით წაუყენა.
ადვოკატ გოგიტა გაბაიძის თქმით, უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილითა და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წარედგინა.
გაბაიძის განცხადებით, გიგი უგულავას ტელეკომპანია "იმედისა" და "თბილსერვისჯგუფის" ეპიზოდებზე წარედგინა ბრალი. სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას გულისხმობს, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
" ასევე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს წარედგინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებაც, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილითაა გათვალისწინებული და 9-დან 12 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. გიგი უგულავამ დაკითხვაზე გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება", - აღნიშნა გაბაიძემ.