საჯარო სექტორში პირის სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევა თანამდებობაზე მისი უკონკურსოდ დანიშვნის საფუძველი შეიძლება გახდეს. "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა ზურაბ ტყემალაძემ შესთავაზა, რომლის ინიციატივაც პარლამენტში ოფიციალურად უკვე ინიცირებულია.
სადღეისოდ მოქმედი კანონმდებლობით, საჯარო სამსახურში თანამდებობაზე უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნონ: პრეზიდენტის, პარლამენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის მიერ თანამდებობაზე დასანიშნი ან ასარჩევი მოხელეები; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ ასარჩევი მოხელეები; მინისტრის მოადგილეები, თანაშემწეები, მრჩევლები; პირები, რომლებიც დანიშნული არიან თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადით; თანამდებობაზე დროებით შემცვლელები; დროებით მოვალეობის შემსრულებლები იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს.
ტყემალაძის ინიციატივის გათვალისწინებით კი, საჯარო სამსახურში თანამდებობაზე უკონკურსოდ დასანიშნთა ამ ჩამონათვალს შესაძლოა სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაც დაემატოს.
რაც შეეხება სამსახურებრივი დაწინაურების წესსა და მასში დაგეგმილ ცვლილებებს, სადღეისოდ მოხელის სამსახურებრივი დაწინაურებისთვის საჭიროა მისი წერილობითი თანხმობა. ასევე, ერთ თანამდებობაზე რამდენიმე დასაწინაურებელი მოხელის წარდგენისას თანამდებობაზე ის მოხელე ინიშნება, რომელსაც ატესტაციის შედეგების მიხედვით უფრო მაღალი შეფასება აქვს. პარლამენტში ინიცირებული პროექტის თანახმად, კანონს დაემატება პუნქტი, რომლის საფუძველზეც უფრო მაღალ თანამდებობაზე შეიძლება წამოყენებულ იყოს მოხელე, რომელიც დაკავებულ თანამდებობაზე ერთი წელი მაინც მსახურობდა.
"საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებები პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის დავით ონოფრიშვილის ინიციატივითაც შედის, რომელიც კანონმდებლებს სთავაზობს, რომ 65 წელი პირის საჯარო სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი აღარ იყოს და ადამიანების მიღება აღნიშნული ასაკის შემთხვევაშიც გახდეს შესაძლებელი.