“ფაშიზმის მხარდამჭერები“  სასამართლოში “ლიბერალებს“ უჩივიან

“ფაშიზმის მხარდამჭერები“ სასამართლოში “ლიბერალებს“ უჩივიან

ჯერ ქართულ და შემდეგ სავარაუდოდ, სტრასბურგის სასამართლოს მოუწევს იმის გარკვევა, მართლაც “ფაშიზმის მხარდამჭერები“ არიან თუ არა ისინი, ვინც ხელისუფლებას ღია წერილით მიმართა და მოითხოვა გაზეთ “ჯორჯიან თაიმსის“ გამომცემლისა და “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“  ერთ–ერთი ლიდერის, მალხაზ გულაშვილისა და მისი შვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის შეწყვეტა.

 

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ “ფაშიზმის მხარდაჭერაში“ დადანაშაულებულთაგან სამი ადამიანი: ყოფილი სახალხო დამცველი, ნანა დევდარიანი, ფოტოხელოვანი იური მეჩითოვი და ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი, პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ. ამის შესახებ მათ პრესა.გე–სთან საუბრისას განაცხადეს.

 

“თუ ისინი თვლიან, რომ ფაშიზმის მხარდაჭერა მათთვის შეურაცხმყოფელია, ეს საკუთარი ხელებით უნდა დაამტკიცონ და არა მხოლოდ რაღაც განცხადებებით“, – ამბობს ჩვენთან საუბრისას ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშია, რომელიც ერთ–ერთი იმათთაგანია, ვინც ნანა დევდარიანს, ლუბა ელიაშვილს, იური მეჩითოვს (და მათთან ერთად 179 ადამიანს) ბრალს “ფაშიზმის მხარდაჭერაში“ სდებს.

 

შეგახსენებთ, რომ ივლისში, პრესაში გამოქვეყნებული, გულაშვილების მხარდამჭერი ღია წერილის საპასუხოდ, დაახლოებით ორი თვის შემდეგ, “ფეისბუქზე“ კოლექტიური მიმართვა გავრცელდა, სახელწოდებით “ფაშიზმის 182 მხარდამჭერს“, რომელიც 13 სექტემბერს ჟურნალ “ტაბულაშიც“ დაიბეჭდა. კოლექტიურ წერილზე ასეულობით სახელი და გვარია დაფიქსირებული. ხელმომწერებს შორის არიან: ნოდარ ლადარია, კახა ბენდუქიძე, თამარ ჩერგოლეიშვილი, სიმონ ჯანაშია, გიგა ზედანია, გია ნოდია და სხვები.

 

“ჩვენ მოვითხოვეთ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა მალხაზ გულაშვილის წინააღმდეგ, რადგან მისი შვილის აქედან გაყვანას ობიექტური საფუძვლები ჰქონდა. ამის გამო დავიმსახურეთ ის, რომ ჩვენ ვართ “ფაშიზმის 182 მხარდამჭერი“. ის, ვინც იწყებს ლაპარაკს  მართლმადიდებლობაზე, აპრიორი არის ბნელი, ფუნდამენტალისტი, ფაშისტი და ასე შემდეგ. ანუ ადამიანები, რომლებიც თავიანთ თავს ლიბერალებს უწოდებენ, განსხვავებულ აზრს ვერ იტანენ. ეს არის პირველი სიგნალი – ადამიანი, ვინც განსხვავებულ აზრზს ვერ იტანს, ის ბუნებრივად არ შეიძლება იყოს ლიბერალი.

 

რა ტოლერანტობაზე, რა შემწყნარებლობაზეა ლაპარაკი?! ჩემი შეხედულება თუ შენთვის მიუღებელია, მე ვყოფილვარ ფაშისტი. იქნებ შენ ხარ, რადგან ვერ იტან განსხვავებულ აზრს?! “ფეისბუქზე“ თამარ ჩერგოლეიშვილის სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც პირდაპირ ამბობს, ეგენი ფაშისტები არიან, არავითარი ლიბერალური დიალოგი მათთანო. ფაშიზმის 182 “მიმდევარზეა“ ლაპარაკი. ესე იგი, ვინც ამ მოთხოვნაზე ხელი მოაწერა, ყველა ფაშისტი ყოფილა. ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ან ჩვენი რომელიმე გამონათქვამი უნდა იყოს ფაშისტური, ან მოქმედება. ანუ დავუშვათ ღიად უნდა ვახდენდეთ იმის დეკლარირებას, რომ ჩვენ ვართ ფაშისტური ორგანიზაცია. ამის მსგავსი არაფერი ყოფილა“, – ამბობს ნანა დევდარიანი და “ფეისბუქზე“ დადებული კომენტარებიდან, რომელიც ამ თემატიკას ეხება, რამდენიმე მაგალითად მოჰყავს:

 

“თფუი, შენს კაცობას მალხაზა გულიევო; ეს მასტი ........ არის ჩამოსაკიდი სმოლენსკის კრემლის გალავანზე; ბენზინი მიასხით ვინმემ მაგას, რა გახდა, რა...; ამ კაცის ტრაგედია ნამდვილად სასიამოვნო იქნება ჩემთვის“.

 

კოლექტიურ წერილში, რომლის სათაურია “ფაშიზმის 182 მხარდამჭერს“, წერია:

“საქართველოს 182-მა მოქალაქემ ღიად დაუჭირა მხარი მალხაზ გულაშვილის მეთაურობით მოქმედ აშკარად ფაშისტურ და იმავდროულად პრორუსულ გაერთიანებას. როგორც გულაშვილის და მისი “მოძრაობის“ გულშემატკივრები, ისე მათ მხარდამჭერ მიმართვაზე ხელმომწერნი, ძალადობას, რელიგიის და სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე შუღლის გაღვივებას გამოხატვის თავისუფლებას უწოდებენ და  ფაშიზმს ამართლებენ“.

 

სიმონ ჯანაშიამ ჩვენგან შეიტყო, რომ მას და მის თანამოაზრეებს სასამართლოში მოუწევთ იმის მტკიცება, რომ საქართველოში “ფაშიზმის 182 მხარდამჭერი“ ცხოვრობს და რომ ისინი ნამდვილად ფაშიზმის მიმდევრები არიან. სასამართლოში რა მტკიცებულებებს წარადგენენ, ჯერ უცნობია, მაგრამ მანამდე, ჯანაშია პრესა.გე–სთან საუბრისას, 182 ადამიანის მიერ გამოხატულ “ფაშიზმის მხარდაჭერას“ ასე ხსნის:

 

“ყველა, ვინც მხარს დაუჭერს სახალხო–მართლმადიდებლურ მოძრაობას, მხარს უჭერს ფაშისტურ იდეოლოგიას. ეს იყო ჩვენი წერილის შინაარსი, მეტი არაფერი. წერილზე ხელმომწერები გულისხმობენ, რომ სამართლებრივი დევნა ხორციელდება მალხაზ გულაშვილზე, იმის გამო რომ მალხაზ გულაშვილს შეეზღუდა სიტყვის თავისუფლება და სინამდვილეში, მალხაზ გულაშვილი ცდილობდა ყველა დანარჩენისთვის შეეზღუდა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება“.

 

ნანა დევდარიანი: “დაუკვირდით – როგორც კი საზოგადოებაში რაღაც სოლიდარობის ნიშნები ჩნდება, მაშინვე განგაშის ზარებს არისხებენ, რომ საქართველოში სოლიდარობა არ მოხდეს. ანუ “სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი“, – ასე უნდა იცხოვრო; ძალადობა არ უნდა შეიმჩნიო. როგორც კი ამის წინაღმდეგ ხმას აიმაღლებ, ხარ ნაძირალა, ჩარეცხილი და ახლა უკვე ფაშისტი. ბოლოსდაბოლოს, ამ ადამიანებს ვიღაცამ ენა უნდა დაამოკლებინოს. ვინ მისცა მათ ჯერ მთელი ერის სახელით ლაპარაკის და შემდეგ დამოძღვრის და დარიგების უფლება, თუ ვინ როგორ უნდა ვიცხოვროთ?! დიახ, მე მაქვს მათგანი განსხვავებული ღირებულებები და ვერსად მსოფლიოში ვერ დაამტკიცებენ, რომ ამიტომ ვარ ფაშისტი. სასამართლოში სარჩელს შევიტან; სულ რომ ფულის სესხება დამჭირდეს, ამას მაინც გავაკეთებ. როგორც ყოფილი სახალხო დამცველი, პირდაპირ გეუბნებით –  უდაოდ სასტრასბურგოდ მოსაგები საქმეა“.

 

ფოტოხელოვანი იური მეჩითოვი მიიჩნევს, რომ უსაფუძვლო, აბსურდული ბრალდებებია გამოთქმული კოლექტიურ წერილში, რომელიც “ტაბულაში“ დაიბეჭდა. მეჩითოვის აზრით, “ფაშიზმის 182 მხარდამჭერიდან“ სასამართლოს ალბათ, ყველა არ მიმართავს:

 

“ზოგი ხელს ჩაიქნევს, ზოგი იტყვის “ძაღლი ყეფს ქარავანი მიდისო“, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს ზუსტად ისეთი მომენტია, რომ ადამიანი არ უნდა გაჩუმდეს, რადგან ესაა კოლექტიური ბრალდებების ძალიან ცუდი პრეცენდენტი, რომელიც მაგონებს ოცდაათიან–ორმოციან წლებს. ესაა ტოტალიტარული სიგიჟე. ჩამოვყალიბდებით და თუ კანონი პერსონალური სარჩელების შეტანას ითხოვს, ამას პერსონალურად გავაკეთებთ, ხოლო თუ შეიძლება სასამართლოს ერთად მივმართოთ, მაშინ ერთად მივმართავთ.

 

კოლექტიურ წერილში, რომელშიც კონკრეტული ბრალდებებია გამოთქმული, ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენ ვართ “კოლექტიური შევარდნაძეები“, “მთავარი დაბრკოლება ქვეყნის წინსვლისთვის“ და ასე შემდეგ, უამრავი ამგვარი აბსურდული ბრალდებაა, რაც არის ბოლშევიზმი. ბოლშევიკები ძალიან დარწმუნებულები იყვნენ, რომ ამ ცხოვრებიდან უნდა აელაგმათ ხალხის მტრები, რათა ბედნიერი საბჭოთა კავშირი აეშენებინათ. ესენი კიდევ კოლექტიური, აბსურდული ბრალდებებით, კოლექტიური ჩაქოლვის ფონზე ცდილობენ “ბედნიერი საქართველოს“ აშენებას“.

 

ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი, 182–დან ერთ–ერთია, რომელიც სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს:

 

ლუბა ელიაშვილი: “ძალიან მინდა ამ ყველაფერმა ჟურნალებისა და “ფეისბუქის“ გვერდებიდან გამართული დავებიდან სამართლებრივ სივრცეში გადაინაცვლოს და ჩემმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღოს, რადგან სერიოზული და, ამავდროულად, ძალიან გაუგებარი ბრალდებებია. ბოლოსდაბოლოს, მინდა გაირკვეს არის თუ არა ეს ღირსების შეურაცხყოფა. ახლა ვიღაცისთვის შეიძლება ის არის საწყენი, რომ დაუძახებენ მახინჯს, უჭკუოს და მე ფაშისტს რომ მეძახიან, ძალიან მწყინს, რადგან ის პირველი გემოვნების ამბავია – ვიღაცას სულელი გონიხარ, ვიღაცას ლამაზი, ვიღაცას სხვა გემოვნება აქვს, არ მოსწონხარ და ასე შემდეგ, მაგრამ ფაშისტი, ეს არის სერიოზული ბრალდება“.