სოფელ თამარაშენის ნანგრევებზე, მოსკოვის მერის – იური ლუჟკოვის მიერ გამოყოფილი ფულით აშენებულ დასახლებაში ხალხის შესახლება გუშინ დაიწყეს. სეპარატისტები როგორც აცხადებენ, თამარაშენის ნასახლარებზე დღეს 200–მდე კოტეჯი დგას. ეს დასახლება ცხინვალს ჩრდილოეთით ესაზღვრება, მისი მიმდებარე ტერიტორიები კი (სადაც ადრე სოფლები: ერედვი, კეხვი და ქურთა იყო) კოტეჯებში შესახლებულებმა სამეურნეო დანიშნულებით უნდა გამოიყენონ.
როგორც ჩვენთან საუბარში, სამაჩაბლოელი ევგენი ბარნაბიშვილი ამბობს, კოტეჯებში შესახლებულთაგან სულ რამდენიმე ერთეული შეიძლება იყო ადგილობრივი ოსური ოჯახი. სახლების უმეტესობა რუსი ოფიცრების ოჯახებს გადასცეს, რომლებიც სამაჩაბლოში განთავსებულ რუსულ საოკუპაციო არმიაში მსახურობენ.
რუსული საინფორმაციო საშუალებები სიამაყით აცხადებენ, რომ ქართული სოფლის ნასახლარზე ახლადაშენებულ მიკრორაიონში მდებარეობს სკოლები, უნივერმაღი და ორი საბავშვო ბაღი.
ევგენი ბარნაბიშვილი, სამაჩაბლოს მკვიდრი: – “ყველამ კარგად იცის, რომ დღეს ცხინვალის ორი სკოლა დახურვის პირას არის. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ყველა ცხინვალელი ცხინვალიდან გარბის და თან ბუნებრივია ბავშვებიც თან მიჰყავთ. მაშ ვისთვის ააშენეს ახალი დასახლება და სკოლები, თუკი არსებული სკოლებიც ოხრად რჩებათ? რა თქმა უნდა, ყველაფერი რუსი ჯარისკაცებისთვის გაკეთდა, რათა ცხინვალი ერთხელ დასამუდამოდ, რუსულ სამხედრო ქალაქად აქციონ.
ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ კოკოითის ბრძანებით, ცხინვალის სკვერში ძველი ხეები მოუჭრიათ და იქ ახალი კომენდატურის აშენებას აპირებენ. ამ ხალხს სულ ფეხებზე ჰკიდიათ თავიანთი ქალაქიცა და მისი ისტორიაც. ოსები თანდათან ემსგავსებიან რუსებს, რომლებსაც ორი კაპიკის გამო ყველაფრის კადრება შეუძლიათ და მომავალი ბედი საერთოდ აღარ აღელვებთ. მე მგონი ქართველები უფრო ვდარდობთ ცხინვალის ბედზე, ვიდრე იქ დარჩენილი ოსები, რომლებიც ქალაქში ძალიან ცოტანიღა შემორჩნენ“
20 სექტემბერს ცხინვალში დიდი ზეიმი იყო. სეპარატისტული რეჟიმი ამ დღეს მათი წარმოსახვითი დამოუკიდებლობის დღედ თვლის. როგორც იცით, “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ“ სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკა 1990 წლის 20 სექტემბერს გამოაცხადა.
იმის გამო, რომ დღეს ცხინვალში ფაქტობრივად არც ერთი დაწესებულება ნორმალურად არ ფუნქციონირებს, სეპარატისტულმა მთავრობამ ზეიმზე მოცეკვავეები, მომღერლები და საზეიმო ღონისძიების სხვა მონაწილენი ვლადიკავკაზიდან და რუსეთის სხვა ქალაქებიდან ჩამოიყვანა. სეპარატისტებს დამოუკიდებლობა ბევრმა რუსმა ჩინოვნიკმა მიულოცა. მომლოცველთა რიგებში იყო რუსეთის პატრიარქი – კირილიც, რომელიც ოფიციალურად არც ცნობს ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას, თუმცა ერთია ოფიციალური განცხადება და მეორეა რეალურად გაკეთებული საქმე.
რუსეთის პარტიარქის მიმართვა ქართულმა საინფორმაციო სააგენტოებმაც გაავრცელეს. მიმართვაში ვკითხულობთ:
"პატივცემულო ძმებო და დებო! ამ წლების განმავლობაში ქვეყნის ხელისუფლებამ სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მძიმე გზა გაიარა. თქვენთვის განსაკუთრებული გამოცდა იყო 2008 წლის აგვისტოს მოვლენები, რის შედეგადაც ბევრი ადამიანი დაიღუპა და დაზარალდა".
ცხინვალის მთავარ მოედანზე შეკრებილ ხალხს სხვებთან ერთად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული მეორე არაღიარებული “ქვეყნის“ პრეზიდენტი – სერგეი ბაღაფშიც მიესალმა და “ქართველებისაგან თავის დაღწევა“ მიულოცა.
გიორგი ჯავახიშვილი, დიდი ლიახვის ხეობის მკვიდრი: “ან ოსებს რა ეზეიმებათ და ან ჩვენ... მე ზეიმი მაშინ გამიგია, როდესაც ყველაფერი კარგად არის და გართობაღა გჭირდება კაცს. თუკი ომის მერე ევროპის დახმარებით ჩვენი ხალხი მოცუცქნულ ჯიხურებში მაინც შეასახლეს, ბევრ ოსს ეგეც არ ღირსებია და დღემდე კარვებში ცხოვრობენ.
რუსები სახლებსაც თავიანთ ჯარისკაცებს უშენებენ და საზეიმოც ალბათ მაგათ აქვთ, თორემ ოსებს ერთადერთი “გამორჩენა“ რუსული პენსიები აქვთ, რომლებსაც როგორც ამბობენ, მომავალი წლიდან შეამცირებენ. ჩვენი არ იყოს, ბოლო წლებისგან ოსებმაც ვერაფერი ისწავლეს“