გაერო დევნილების დამაწიოკებელ მთავრობას მოძღვრავს

გაერო დევნილების დამაწიოკებელ მთავრობას მოძღვრავს

მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ დევნილებს საზაფხულო დაწიოკება მოუწყო, მათი ბედით საერთაშორისო ორგანიზაციებიც დაინტერესდნენ. გაერომ საქართველოში სპეციალური წარმომადგენელიც აფრინა, რომელმაც ასევე სპეციალური დოკუმენტი შეიმუშავა. იქ დევნილთათვის ნაცნობ და ძველისძველ რობლემებზეა ყურადღება გამახვილებული.

 

“საქართველოში ძველი და ახალი დევნილი მოსახლეობის საკითხი მთავრობისთვის პრიორიტეტად უნდა დარჩეს. დევნილი მოსახლეობის პრობლემების მოგვარების საკითხი საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია და ამ კუთხით აუცილებელია მუშაობა გაგრძელდეს”, - განაცხადა იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ვოლტერ კელინმა.

 

მისი თქმით, ბუფერულ ზონებში იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებაზე გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო, თუმცა ამ ეტაპზე ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია.

 

“აუცილებელია ყურადღება გავამახვილოთ დევნილების გამოსახლების ფორმებზე და მათ დასაქმებაზე, რომ ადამიანებს საარსებო მინიმუმი ჰქონდეთ”, - თქვა მან.

როგორც კონფერენციაზე კელინმა აღნიშნა, იგი საქართველოში პირველად 2005 წელს ჩამოვიდა, როდესაც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ.

 

“სასწრაფოდ უნდა გადაგვეწყვიტა დევნილების პრობლემები, ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა, რომლის განხორციელების კუთხით საქართველოს მთავრობამ დიდ წარმატებებს მიაღწია, თუმცა პრობლემები კიდევ რჩება კერძოდ კი – იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმება”, - აღნიშნა კელინმა.

 

დევნილების პრობლემების მოგვარებაში ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გარდა, სხვა სამთავრობო უწყებებიც აქტიურად უნდა ჩაერთონ.

 

“უნდა მოხდეს მიმდინარე ძალისხმევის ფოკუსირება ადგილობრივ ინტეგრაციასა და გადასახლებაზე ქვეყნის იმ ნაწილებში, რომელსაც საქართველოს მთავრობა აკონტროლებს. ნაწილობრივი დაბრუნების საკითხი ასევე შეიძლება წამოიჭრას გალის რეგიონში, ასევე ზემო კოდორში სვანი ოჯახების დაბრუნების ან ახალგორის რაიონში დაბრუნების შემთხვევაში.

 

კელინმა დევნილთა თაობაზე სპეციალური დოკუმენტიც მოამზადა, სადაც აღნიშნულია, რომ დევნილი მოსახლება დისკრიმინაციას არ განიცდის, თუმცა საზოგადოებრივ, პოლიტიკურ საქმიანობაში უნდა მოხდეს ქალების აქტიურად ჩაბმა. დოკუმენტში ასევე საუბარია იმ პრობლემებზე, რომლებიც დევნილებთან დაკავშირებით დღემდე არსებობს, განსაკუთრებით – მათი საცხოვრებელი ადგილების შესახებ.

 

საქართველოს მთავრობამაც იგრძნო, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ პირნათელი არ არის და ამიტომ მინისტრი სუბელიანი სხვადასხვა ხერხს მიმართავს შეცდომების გამოსასწორებლად, უფრო კი საკუთარი სავარძლის შესანარჩუნებლად.

მაგალითად, სუბელიანი დევნილთა დახმარებისათვის 25 მლნ დოლარის ოდენობის სესხს ითხოვს. მინისტრმა “დაშვებული შეცდომების გამოსწორების მიზნით” დახმარებისათვის უცხოურ ორგანიზაციებს მიმართა, 25 მლნ. დოლარის სესხის სახით გამოყოფა სთხოვა და მოტივად დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებული ადგილების გარემონტება და მათი საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება დაასახელა. სუბელიანმა ამ მოთხოვნით მმართველ გუნდსაც მიმართა და ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა მოითხოვა, რაზეც “დასაბუთებული” უარი მიიღო.

 

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ადასტურებს, რომ სუბელიანი 25 მლნ დოლარს ეძებს და აკონკრეტებს, რომ მინისტრს აღნიშნული თანხა წეროვანში ჩასახლებული დევნილების საცხოვრებელი ფართების გასარემონტებლად სჭირდება.

 

“ვიცი, რომ სწორედ 25 მლნ-ზეა საუბარი, თუმცა ბიუჯეტში შესაბამისი თანხები არ მოიძებნება, რის გამოც სუბელიანი სესხს დონორი ორგანიზაციებიდან ითხოვს. წეროვანში ნამდვილად მძიმე და შემაშფოთებელი მდგომარეობაა, ყველა სახლს სერიოზული დეფექტი აქვს და მინისტრიც სწორედ ამ მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობს”, - ამბობს ზაქარეიშვილი.