ევროკავშირის საგარეო სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე და პოლიტიკური დირექტორი ჰელგა შმიდტი დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდება.
გუშინ დელეგაციამ შეხვედრები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილთან, ასევე, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატებთან გამართა. ისინი უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე გიგა ბოკერიასაც შეხვდა.
როგორც შმიდთმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ევროკავშირი კონფლიქტის მოგვარებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხში კვლავაც აქტიურად ჩაერთვება.
„თავს მოვიაზრებთ საქართველოს ახლო მეგობრად და ჩვენი მომავალი ერთადაა. ჩვენი მეგობრობა ქართველ ხალხთანაა და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან“ - განაცხადა მან.
შმიდთი მეორე დღეა საქართველოში იმყოფება. ის თბილისში ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესთან ერთად ჩამოვიდა.