შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების მინისტრობის კანდიდატის, დავით სერგეენკოს განცხადებით, არსებობს სერიოზული გეგმა იმის შესახებ, რომ სპეციალობების მიხედვით მკაცრად განისაზღვროს ექიმების მინიმალური ხელფასი.
ამის შესახებ მან დღეს For.ge-ს პრესკლუბში ჯანდაცვის მუშაკებისთვის ხელფასების მატების შესაძლებლობების განხილვის დროს განაცხადა.
სერგეენკოს განმარტებით, ხელფასები როგორც შრომითი ურთიერთობების ნაწილი უმეტესწილად არის მოლაპარაკების საგანი, რომელიც რეგულირდება დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის ხელშეკრულების საფუძველზე.
„სახელმწიფომ ჯანდაცვის სამინისტროს სახით შეიძლება განსაზღვროს რაიმე სახელფასო პოლიტიკა, ოღონდ ამ პოლიტიკას ის ვერ უკარნახებს კერძო დაწესებულებებს. ეს მათი გადასაწყვეტია, ვის რამდენს გადაუხდიან. სახელფასო პოლიტიკა შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ სახელმწიფოს მმართველობაში მყოფ დაწესებულებებში. ჩვენ ვერ ვუკარნახებთ კერძო დამქირავებელს ვის რამდენი ხელფასი გადაუხადოს, თუმცა არის სერიოზული გეგმა იმის შესახებ, რომ მკაცრად განისაზღვროს მინიმალური ხელფასი სპეციალობების მიხედვით, რაზე ნაკლების გადახდა, უკვე მიუღებელი იქნება“, - განაცხადა სერგეენკომ.