ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის გურამ ჩალაგაშვილის პოზიცია ტარიფების დაწევასთან დაკავშირებით გასაგებია, თუმცა ის მაინც გადაიხედება.
„გურამ ჩალაგაშვილის პოზიცია გასაგებია. ამის მიუხედავად ჩვენ ამ საკითხს კიდევ ერთხელ შევისწავლით, რადგან ვფიქრობთ, რომ ტარიფების ცვლილება შესაძლებელია. კარგად არის ჩასახედი იმ ანალიტიკურ მასალაში, რაც დადგენილ ტარიფებს დაედო საფუძვლად. უფრო კონკრეტული საუბარი ამის შემდეგ შეგვეძლება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ გურამ ჩალაგაშვილმა გუშინ კოალიცია „ქართული ოცნების“ ტარიფების დაწევასთან დაკავშირებით განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის ტარიფები მაქსიმალური სიზუსტით არის დათვლილი და ამ ეტაპზე მათში რაიმე სახის ცვლილება შეუძლებელია.
„დადგენილი ტარიფები მთლიანად კანონმდებლობასთან შესაბამისობაშია, დათვლილია მაქსიმალური სიზუსტით და შეუძლებელია ამ ეტაპზე რაიმე სახის ცვლილება მოხდეს. ტარიფების დაკლება თუ მომატება დამოკიდებულია კომპანიების მიერ შესასყიდ ღირებულებაზე. კომპანიას ნებისმიერ დროს შეუძლია, ტარიფის გადახედვის მოთხოვნით მოგვმართოს, მაგრამ ამის საშუალება რომ ყოფილიყო, ტარიფები აქამდეც დაიწევდა. გარდა ამისა, თუ გადახედავთ ევროკავშირის ქვეყნებს, მათთან შედარებით საქართველოში ყველაზე დაბალი ტარიფებია", - განაცხადა ჩალაგაშვილმა.