კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის სულხან მოლაშვილის ოჯახი, „უფლებადამცველთა გაერთიანება" და ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებიდან ქალაქის რომელიმე საავადმყოფოში სასწრაფოდ გადაყვანას მოითხოვენ.
თორნიკე მოლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, დღეს უფლებადამცველთა გაერთიანების ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა.
მათი განმარტებით, თორნიკე მოლაშვილს აქვს მწვავე ართრიტი და საჭიროებს სასწრაფო ოპერაციას, რისი ჩატარებაც ციხის საავადმყოფოში შეუძლებელია.
გარდა ამისა, თამაზ მოლაშვილი მიმართავს ახალ ხელისუფლებას და სთხოვს, დაჩქარებული წესით მოხდეს თორნიკე მოლაშვილის საქმის გადახედვა, რადგან მიიჩნევენ, რომ იგი უკანონო პატიმარია, საპყრობილეში კი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული აქვს.
„თორნიკეს მუხლებში წყალი ჰქონდა ჩამდგარი, შემდეგ იმკურნალა და ეს პრობლემა მოიხსნა, თუმცა მუხლები ისევ იგივე მდგომარეობაში აქვს, გარდა ამისა, აქვს მწვავე ასთრიტი. თორნიკე ციხის საავადმყოფოს ექიმებს არ ენდობა და ამიტომ ღუდუშაურის ან რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს", - განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.
დღესვე თამაზ მოლაშვილმა თორნიკე მოლაშვილის დაკავების დეტალები გაიხსენა.
მისი თქმით, სანამ თორნიკე მოლაშვილს დააკავებდნენ, მასთან მიმდინარეობდა აქტიური მოლაპარაკებები და ვანო მერაბიშვილი სთავაზობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას.
„თორნიკე მოლაშვილი იმიტომ დააკავეს, რომ სულხანის საქმე ჩვენ სტრასბურგში გავაგზავნეთ, მას კი ნარკოტიკი ჩაუდეს. ვანო მერაბიშვილი უშუალოდ შეხვდა თორნიკე მოლაშვილს და შსს-ს ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას სთავაზობდა, თუ ჩვენ სულხანის საქმეს სტრასბურგის სასამართლოდან გამოვიტანდით. ამ საქმეში მერაბიშვილს და თორნიკეს შორის შუამავლის როლს გურამ დონაძე ასრულებდა. რა თქმა უნდა, ჩვენი ოჯახი მერაბიშვილის წინადადებას არ დასთანხმდა და თორნიკე კვლავ უკანონოდ ზის ციხეში. ამ რეჟიმის რეპრესიები, სულხანის შვილს ბაკურ მოლაშვილსაც შეეხო, იგი სცემეს და ლავიწის ძვალი აქვს გატეხილი", - განაცხადა სულხან მოლაშვილის მამამ.
კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის ძმა, თორნიკე მოლაშვილი 2011 წლის 21 ივნისს დააკავეს. მას მისჯილი აქვს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. იგი შსს-ს ყოფილი თანამშრომელია.
როგორც თამაზ მოლაშვილი განმარტავს, მისი შვილის დაკავების შემდეგ, ზურაბ ადეიშვილმა შუამავალი გაუგზავნა, რომელიც მოლაშვილების ოჯახს სთავაზობდა, რომ როგორც კი ისინი გამოიტანდნენ სტრასბურგის სასამართლოდან საჩივარს, თორნიკე მოლაშვილს პატიმრობიდან გაათავისუფლებდნენ.
თორნიკე მოლაშვილი 2011 წლის 21 ივლისს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნული მუხლი ნარკოტიკების შენახვა-გადატანას გულისხმობს, რისთვისაც მოლაშვილს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა