ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი, ალექსი პეტრიაშვილი საქართველოში ევროკომისარის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულესა და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილის ჰელგან შმიდტის ვიზიტს ევროატლანიტკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვან უწოდებს.
როგორც პეტრიაშვილმა From.ge -სთან საუბარში განაცხადა, ხვალ ევროპული და ევროატალნტიკური დღის წესრიგის მიხედვით ხელისუფლებას ძალიან დატვირთული დღე ექნება. მისი თქმით, ხელისუფლება გარდა ამ დიპლომატებისა, ხვალ შეხვედრას ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთანაც ექნება.
მისი განმარტებით, ყველა წამყვან პოლიტიკურ ძალას, როგორც დამარცხებულს, ასევე გამარჯვებულსაც საერთო მიზანი და საერთო ინტერესი აქვს, რომ ქვეყანა შევიდეს ევროკავშირსა და ნატოში.
"მათთან შეხვედრა საკმაოდ საქმიანი და მნიშვნელოვანია. შტეფან ფულესთან, შეხვედრები ოპოზიციაში ყოფნის დროსაც გვქონდა. მასთან ვთანამშრომლობდით საკმაოდ მჭიდროდ და ინტენსიურად . პირადად მე მქონდა იმის შესაძლებლობა რომ მას 2 -ჯერ შევხვედროდი, ბატონ ბიძინა ივანიშვილსაც კარგი ურთიერთობა აქვს მასთან და ვფიქრობ, ეს შეხვედრაც საკმაოდ კარგი და საქმიანი იქნება. რაც შეეხება ჯეიმს აპატურაის , მისი დაჟინებული მოთხოვნა იყო შეძლებისდაგვარად სწრაფად მომხდარიყო ახალ მთავრობასთან შეხვედრები ", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
მისი განმარტებით, ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია არ შეფერხდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი. პეტრიაშვილის თქმით, ამისათვის კოალიცია "ქართული ოცნება" ძალისხმევას არ იშურებს.
"ხვალ ბრიუსელში მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი გაიმართება, შემდეგმ 23 ში ევროკავშირის დელეგაცია ჩამოვა და უწყებების წარმომადგენლებს შეხვდება. ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, იქნება ეს თავისუფალი ვაჭრობა, ასოცირებული წევრობის შეთანხმება თუ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია , გვექნება საუბრები. არცერთ ამ მიმართულებაზე შეფერხება არ იქნება. პირიქით ესა თუ ის ხელოვნური ბარიერები რომლებიც იყო შექმნილი აღარ იქნება", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
რაც შეეხება ხელოვნურად შექმნილ ბარიერებს, პეტრიაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში შრომის კანონმდებლობას გულისხმობს, სადაც მისი თქმით, გარკვეული ელემენტები არის შესაცვლელი.
პეტრიაშვილის განცხადებით, შრომის ახალი კანონმდებლობა არის შესაქმნელი, რომელიც საქართველოს შრომით ადამიანურ რესურს დამქირავებლის წინაშე უფრო მეტად დაცულს გახდის.
"ჩვენ შევიმუშავებთ ისეთ კანონმდებლობას, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ადამიანური რესურსების დამცავი მექანიზმები და ის მისაღები იქნება როგორც ევროკავშირისთვის , ასევე აშშ-სთვისაც ", - განაცხადა პეტრიაშვილმა.