საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატობის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს შეხვდა.
სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას ქვეყნის განვითარებისა და რეფორმების გატარების პროცესში ძალიან ბევრი პრინციპული საკითხი გამორჩა მხედველობიდან.
„პირველი ეს არის ის, რომ სალაპარაკო გვქონდა ძალიან ბევრი, თუ რა კეთდებოდა საქართველოში, მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობდით ბევრად მეტს, ვიდრე ვისმენდით პრობლემებს. მეორე პრობლემა არის ის, რომ წარმოუდგენელ პროგრესს მიაღწია საქართველომ, მაგრამ ბევრად უფრო კონცენტრირებული ვიყავით პროგრესზე, ვიდრე პრობლემებზე, ჩვენ ძალიან სწრაფი რეფორმები განვახორციელეთ, მაგრამ ბევრად უფრო ჩქარა ვატარებდით რეფორმებს, ვიდრე საზოგადოება ამ რეფორმებს გამოყვებოდა.
სამწუხაროდ, ამ რეფორმების შედეგად შეიქმნა სამწუხარო რეალობა, რომ რამდენიმე თაობა ამ რეფორმების მიღმა აღმოჩნდა. ამიტომ ეს არის ძალიან პრინციპული რამ. ამ არჩევნებზე მთავარი საკითხი იყო, რომ საზოგადოებას რაღაც ახალი მოუნდა, ერთ კონკრეტულ დაპირებებზე გაყოლა. ერთი წუთითაც არ ვაპირებთ ხელის შეშლას.
ახლა ოპოზიციური ჯგუფი ვართ, რომელიც არა ქვეყნის მიმართ ოპონირებაზე, არამედ საქართველოსთვის სასარგებლო მიმართულებით განვითარებას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ჩვენ, რაც კარგი იქნება ყველაფერში უნდა ვითანამშრომლოთ და რაც ცუდი იქნება იმაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ“,- განაცხადა სააკაშვილმა.