სახალხო დამცველის აპარატი სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, გიორგი ტუღუშის გადაწყვეტილებას ეხმაურება, სადაც ტუღუშმა იმ პირთა სია დაამტკიცა, რომელთაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებულ პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება მიენიჭათ.
ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა განცხადება გაავრცელა, სადაც სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმი აღნიშნულ გადააწყვეტილებას მიესალმება და მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების სისტემის გამჭვირვალეობა და სამოქალაქო საზოგადოების წვდომის გაზრდა მნიშვნელოვანია სისტემის გაჯანსაღებისათვის და არასათანადო მოპყრობის თუ სხვა უფლებადარღვევების პრევენციისთვის.
ამასთანავე, პრევენციის ეროვნული მექანიზმი მოუწოდებს კომპეტენტურ ორგანოებს, უმოკლეს ხანში განსაზღვროს სიაში აღნიშნულ პირთა უფლებამოსილებები.
„კერძოდ, მათ მიერ ინფორმაციის მოპოვებისა და მასზე რეაგირების მექანიზმები, რათა საზოგადოებრივი მონიტორინგის სისტემა სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის სრულფასოვან ალტერნატივად ჩამოყალიბდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.