შალვა თადუმაძე: გაცილებით უმჯობესი იქნებოდა, ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტს ცოტა ადრე მიეღო

შალვა თადუმაძე: გაცილებით უმჯობესი იქნებოდა, ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტს ცოტა ადრე მიეღო

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი შალვა თადუმაძე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა, პრეზიდენტის პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს.

თადუმაძის თქმით, უმჯობესი  იქნებოდა ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტს ცოტა ადრე მიეღო, მაშინ, როდესაც ივანიშვილისათვის მოქალაქეობის მინიჭების აბსოლუტურად იურიდიული საფუძველი ჰქონდათ, თუმცა აღნიშნა, რომ როდესაც ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტმა ნატურალიზაციის წესით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა  კარგი ნაბიჯია.

„ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის წესით მინიჭება, პრეზიდენტის მხრიდან ძალიან კარგი ნაბიჯია. კარგი იყო მსგავსი გადაწყვეტილება გაცილებით ადრე მიეღო, თუმცა სამწუხაროდ,   მაშინ ასე არ მოხდა.  ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა პრეზიდენტის ადმინისტრაციული აქტით მიენიჭა, თუმცა, იგი ძალაში მას შემდეგ შევა, როცა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს საფრანგეთის მოქალაქეობა შეუწყდება“, - განაცხადა თადუმაძემ.

რაც შეეხება საფრანგეთის მოქალაქეობას, თადუმაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა უახლოეს მომავალში შეუწყდება.

„საფრანგეთის მოქალაქეობაზე ჩვენ  საფრანგეთის სახელმწიფოსთვის მიმართული გვაქვს  და მათ წარმოება დაწყებული აქვთ.  ეს 2011 წლის ნოემბერში   მოხდა,  მაშინ,  როდესაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ  ორივე ქვეყნის მოქალაქეობაზე - რუსეთის და საფრანგეთის უარს ამბობს. მაშინ განგვემარტა, რომ საფრანგეთის მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილს შეუწყდება მხოლოდ მაშინ, რაც იგი საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით გაგრძელდება აღნიშნული საქმის წარმოება და ბუნებრივია,  ახლო მომავალში მას  საფრანგეთის მოქალაქეობა შეუწყდება“, - განაცხადა თადუმაძემ.