პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის კობა დავითაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციის როლის და ფუნქციების შესრულება გაუჭირდება.
აღნიშნულის შესახებ, დავითაშვილმა დღეს გაზეთ „პრაიმ ტაიმის“ პრეს-კლუბში ისაუბრა.
„მათოპოზიციის როლის და ფუნქციების შესრულება გაუჭირდებათ. ყველა მათგანის მიმართ ერთი შეკითხვა არსებობს: „შენ იცოდი, რომ ციხეებში ხალხს აწამებდნენ?! და თუ იცოდი, მანდ რა გინდოდა?!“ რევანშისტები არ ვართ და ეს ბიძინა ივანიშვილმაც აღნიშნა, რომ არავის პოლიტიკური დევნა არ დაიწყება. ეს არ შეიძლება, მაგრამ არა იმიტომ, რომ „ნაციონალები“ მებრალება, არამედ იმიტომ, რომ ეს არ შეიძლება „ქართული ოცნებისთვის“ და ასევე საზოგადოებისთვის. მაშინ უნდა შევქმნათ ისევ ისეთი სისტემა, მაგრამ ჩვენ ხომ იმისთვის არ გვიბრძოლია, რომ ახალი ჯალათური სისტემა შეგვექმნა?! ამ მხრივ დილემის წინაშე ვდგავართ, თუმცა მთავარია ობიექტური გამოძიება ჩატარდეს და დადგინდეს, რა ხდებოდა ციხეებში, რამდენმა ადამიანმა იცოდა იმ უკანონობის შესახებ?! ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ კი გადავწყვეტ, თუ ვის ჩამოვართვა პარლამენტში ხელი“, - განაცხადა დავითაშვილმა.