პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმადაც, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი და ამოცანა არის და იქნება ხელისუფლებაში დაბრუნება აცხადებს, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოში არსებულ პატარა პარტიებზე, ხელისუფლებაში დაბრუნების ყველაზე ნაკლები შანსი აქვს.
„ჩვენ, ჩვენი მხრიდან, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა ჩვენს ოპონენტს, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ დამსახურებულად მოვექცეთ. მოვექცეთ ისე, როგორც ჩვენი უძველესი კულტურა და ჩვენი უძველესი საქართველო იმსახურებს. რაც შეეხება, მათ პერსპექტივას, ჩემი აზრით, მათ ძალიან ცოტა პერსპექტივა აქვთ. ყველაზე უსახელო და თუ გნებავთ, ფინანსურადაც უსუსური პარტია „ნაციონალური მოძრაობაა“. მას საქართველოში არსებულ პატარა პარტიებზე გაცილებით ნაკლები შანსი აქვს“, - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მათდამი დამოკიდებულება საქართველოს მოსახლეობამ უკვე ძალიან ნათლად გამოხატა.