დავით დარჩიაშვილი: პარლამენტის ქუთაისიდან ისევ თბილისში გადმოტანას მხარს არ დავუჭერთ

დავით დარჩიაშვილი: პარლამენტის ქუთაისიდან ისევ თბილისში გადმოტანას მხარს არ დავუჭერთ

"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის ქუთაისიდან ისევ თბილისში გადმოტანას მხარს არ დაუჭერს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმა გაზეთ "პრაიმ თაიმის" პრეს-კლუბში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, პარლამენტის ადგილმდებარეობაზე გადაწყვეტილება შეგნებულად იქნა მიღებული.

„თბილისის განვითარებას ხელს ისედაც არაფერი შეუშლის. ჩვენი მიზანია, საქართველოში პროვინციალიზმი დასრულდეს და ყველა რეგიონი განვითარდეს. არ დავუშვებთ იმას, რომ ეს ისტორიული პროცესი უკან დაბრუნდეს", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

რაც შეეხება იმას, რომ გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა,  პარლამენტის პირველი სხდომა ქუთაისის ახალ პარლამენტში ვერ ჩატარდეს, დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ სამუშაო პირობები იქ უზრუნველყოფილია.

„შენობა ძალიან მყარად შენდება და მისი დასრულების პასუხისმგებლობა ქართველებთან ერთად ესპანელ სპეციალისტებსაც ეკისრებათ. ამაზე განცხადებები უკვე გაკეთდა. სამუშაო პირობები იქ უზრუნველყოფილია და პირველი სხდომა 21 ოქტომბერს ახალ პარლამენტში გამართება", - განაცხადა დარჩიაშვილმა.