ხათუნა გოგოლაძე: გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციები აუცილებლად გაძლიერდება

ხათუნა გოგოლაძე: გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციები აუცილებლად გაძლიერდება

გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატის, ხათუნა გოგოლაძის განცხადებით, აუცილებელია სამინისტროს ფუნქციები გაძლიერდეს. შესაბამისად, მისი თქმით, სამინისტროში არსებულ ცალკეულ პრობლემაზე საუბარი მართებული არ იქნება.

„ამ სფეროში იმდენი პრობლემაა, რომ ერთპიროვნულად რომელიმეს დასახელება სწორი არ იქნება. აუცილებელია, გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციების გაძლიერება მოხდეს და ამაზე კოალიციისა და ჩემი ხედვა ერთპიროვნულია. ყველა მივიჩნევთ, რომ გარემოს დაცვა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. როდესაც საუბარი გარემოს დაცვის ფუნქციების გაძლიერებაზეა, პრიორიტეტულია თავდაპირველად სტრუქტურის დაგეგმვა მოხდეს, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს სამინისტრო. ამას კარგად მოფიქრება და ჩამოყალიბება სჭირდება. შემდეგ კი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მოხდება“, - განაცხადა გოგოლაძემ. 

რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს, გოგოლაძის თქმით, ამ ეტაპზე უწყებაში არცერთი თანამშრომელი არ შეიცვლება.

„ამ ეტაპზე, თანამშრომლების შეცვლა არ იგეგმება. მუშაობის პროცესში კი შესაძლებელია რაღაც გადაადგილებები განხორციელდეს“, - განაცხადა გოგოლაძემ.