გიორგი ტუღუშმა მონიტორინგის ჯგუფში შემავალი პირები ერთპიროვნულად აირჩია

გიორგი ტუღუშმა მონიტორინგის ჯგუფში შემავალი პირები ერთპიროვნულად აირჩია

დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, სპეციალური ნებართვის გარეშე საპატიმრო დაწესებულებებში შემსვლელ პირთა 51-კაციანი სიის დამტკიცებაზე გადაწყვეტილება სასჯელაღსრულების მოქმედმა მინისტრმა გიორგი ტუღუშმა ერთპიროვნულად მიიღო.

ჩვენი ინფორმაციით, სპეციალური ნებართვის გარეშე საპატიმრო დაწესებულებებში შემსვლელ პირთა სიაში ინტერნეტგამოცემა for.ge-ს  კორესპონდენტი ნინო მიქიაშვილიც უნდა ყოფილიყო, მან სასჯელაღსრულების მოქმედ მინისტრს, გიორგი ტუღუშს განცხადებით  9 ოქტომბერს  მიმართა.  თუმცა, სასჯელაღსრულების  სამინისტროს  მიერ  საპატიმრო დაწესებულებებში შემსვლელ პირთა 51-კაციან  სიაში ნინო მიქიაშვილი  ვერ მოხვდა.

“მას შემდეგ რაც ვნახე რომ  სასჯელაღსრულების სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ 51-კაციან სიაში არ ვიყავი, ვეცადე ამის მიზეზი გამერკვია. სამინისტროში დავრეკე და ვესაუბრე პრესსამსახურის წარმომადგენლებს. მათ განმიმარტეს, რომ ზემოხსენებულ სიაში შეყვანილ პირებთან დაკავშირებით მინისტრმა, გიორგი ტუღუშმა გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. მათივე ცნობით, სულ 80-მდე განცხადება იყო წარდგენილი და აქედან 51 დამტკიცდა. თავად ტუღუშთან დაკავშირება იმ ნომერზე ვცადე, რომელიც სახალხო დამცველობის დროს ჰქონდა, მაგრამ ვერ დავუკავშირდი, რადგან ავტომატი მპასუხობს, რომ ეს ნომერი გამორთულია, ან გასულია მომსახურების ზონიდან“, - ამბობს ინტერნეტგამოცემა for.ge-ს კორესპონდენტი ნინო მიქიაშვილი, რომელმაც ტუღუშის სახელზე განცხადება 9 ოქტომბერს წარადგინა.