გიორგი მარგველაშვილი: ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა და მანდატურების ინსტიტუტი გადაიხედება

გიორგი მარგველაშვილი: ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა და მანდატურების ინსტიტუტი გადაიხედება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა გადაიხედება , თუმცა აღნიშნა, რომ ეს სწრაფად უნდა განხორციელდეს, რადგან ბავშვებს დრო ჰქონდეთ გასაცნობად თუ რა სისტემაში ტრიალებენ.

მარგველაშვილის თქმით, სისტემა ღია და გამჭვირვალე იქნება.

„სისტემის თხოვნა იქნება არსებული ცვლილებებისა და მიმართულებების შესახებ გარკვეულ აგიტაციაში დახმარება გაგვიწიოთ. ერთია გამოხვიდე და თქვა, რომ სისტემაში რაღაც იგეგმება და ეს ინფორმაციული თვალსაზრისით ამცნო საზოგადოებას, ხოლო მეორეა, დეტალურად აუხსნა საზოგადოებას ამ ცვლილებების შესახებ. თუ აგიტაცია ჩატარდება ამა თუ იმ ინფორმაციის გასავრცელებლად, გაკეთდება კლიპები და მივმართავთ სხვადასხვა ღონისძიებებს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება მანდატურებს, მარგველაშვილის თქმით, მანდატურების ინსტიტუტი გადაიხედება, რადგან ეს დათრგუნვის მექანიზმი იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ მანდატურთა ინსტიტუტმა გარკვეული პრობლემა მოხსნა, იგი მაინც დათრგუნვის მექანიზმად მიიჩნევა. შესაბამისად, ვეცდებით, ის დათრგუნვის მექანიზმად აღარ განვიხილოთ და თავისუფლებაზე იყოს ორიენტირებული“, - განაცხადა მარგველაშვილმა.