ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, ნოდარ ხადურის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს ტოპმენეჯმენტში სერიოზული ცვლილებები განხორციელდება, თუმცა აღნიშნა, რომ მიდგომა იქნება პროფესიონალური თვალსაზრისით და ის ადამიანები, რომლებიც ფინანსთა სამინისტროში მუშაობენ არ იქნებიან დათხოვნილნი.
ხადურმა ევრობონდების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, მომავალ წელს ჩვენს ქვეყანას ევრობონდების გასასტუმრებლად 60 მილიონ დოლარამდე გადახდა უწევს და აღნიშნა, რომ ამის გარდა, საქართველოს სხვა ვალებიც აქვს.
„ცხადია, ჩვენ აღარ უნდა ავიღოთ ძვირი ვალები, ან თუ ავიღებთ ეს ვალები ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისკენ უნდა მივმართოთ და არა ისე, რომ ვალი ავიღოთ, ამის საშუალებით კომფორტი მოვიწყოთ და შემდეგ ამ ვალების გადახდა მომავალ თაობას მოუწიოს“, - განაცხადა ხადურმა.
რაც შეეხება გადასახადების შემცირებას, ხადურის განცხადებით, საშემოსავლო გადასახადში დაუბეგრავი მინიმუმის ცნება გაჩნდება და ეს საარსებო მინიმუმის მოცულობით იქნება.
„უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე გადასახადების შემცირებაა, არის საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესება და საგადასახადო ადმინისტრაციის ჰარმონიზაცია, რათა ბიზნესი არ დავახრჩოთ და ის განვითარდეს“, - განაცხადა ხადურმა.
ხადურმა ასევე განაკვეთებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ საკითხს სერიოზული ანალიზი სჭირდება.
„თავისთავად ცხადია, განაკვეთების შემცირებაზე მხოლოდ ამ ანალიზის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ“, - განაცხადა ხადურმა.