აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, ის პასუხისმგებლობას იღებს ლიბიაში ამერიკის ელჩის კრის სტივენსის დაღუპვის გამო.
„მე ვიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც 11 სექტემბერს მოხდა“,-განაცხადა კლინტონმა.
BBC-ის განცხადებით, კლინტონმა ხაზი გაუსვა იმას, რომ არც ამერიკის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა და არც ვიცეპრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი არ იყვნენ ჩართულნი და ინფორმირებულნი ლიბიაში ამერიკის საელჩოს დაცვის უსაფრთხოებაზე.
გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტრაგიკულ 11 სექტემბრამდე, ლიბიაში ამერიკის საელჩოს თანამშრომლები დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ საელჩოს დაცვის გაძლიერებას, რადგანაც ქვეყანაში ანტიამერიკული განწყობა ძლიერდებოდა.
ჯო ბაიდენმა წინა კვირას სატელევიზიო დებატებში განაცხადა, რომ თეთრი სახლი არ იყო ინფორმირებული ლიბიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
მედიის მოსაზრებით, ჰილარი კლინტონმა უბრალოდ ააცილა პასუხისმგებლობა როგორც პრეზიდენტ ბარაკ ობამას, ისე ვიცეპრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს, რადგანაც ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე თვეზე ნაკლები რჩება.