ექსპერტი, სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ მინისტრთა ახალი კაბინეტი და ახალი მინისტრების საქმიანობა ცალსახად გაუმჯობესდება და იმაზე უკეთეს შედეგებს მოგვცემს, ვიდრე წინა მთავრობამ მოგვცა.
როგორც ცისკარიშვილმა From.ge-სთან საუბარში განაცხადა, კოალიციის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტილება თითქმის ერთპიროვნულად - მხოლოდ პოლიტიკოსების კონსულტაციების საფუძველზე მიიღო. ამიტომ მისი თქმით, მომავალ პრემიერს „საკუთარი შერჩევით შემოთავაზებული გუნდის ეფექტური მუშაობის ვალდებულება ექნება“.
თუმცა ექსპერტი მიიჩნევს, რომ წინა მთავრობის შედეგების გაუმჯობესება ადვილად დასაძლევია და აღნიშნა, რომ აღნიშნულ შედეგებზე დაბალი მაჩვენებლის ჩვენება ფიზიკურადაც წარმოუდგენელია.
„100 % იანი შედეგი არ არსებობს არც ერთ სფეროში, ამიტომ ჩემი აზრით, მეტნაკლები წარმატებით იმუშავებს ყველა დარგი. მჯობნის მჯობნი არ დაილევაო ნათქვამია, ვენდოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს ისე, როგორც გასულ არჩევნებზე“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
ამასთანავე ექსპერტის თქმით, მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბების დროს სამწუხარო ფაქტი ის იყო, რომ ამირან გამყრელიძემ მინისტრობის კანდიდატურაზე უარი ინტერესთა კონფლიქტის გამო თქვა.
„გული მწყდება იმაზე, რომ შემოთავაზებული კანდიდატურებისგან ყველაზე პროფესიონალი და გამოცდილებით აღჭურვილი ადამიანი, ამირან გამყრელიძე აღარ აღმოჩნდა მინისტრად. თავად ბატონი ბიძინაც აცხადებს, რომ ეს ინტერესთა კონფლიქტის გამო მოხდა. იმისათვის, რომ ჯანმრთელები ვიყოთ ეს სფერო შესაბამის დონეზე უნდა იყოს. იმედი მაქვს ეს აუცილებლად იქნება გათვალისწინებული“, - დასძინა ექსპერტმა.