ტელეკომპანია "გურიის" ერთ-ერთი მეწილე ზაზა სიორიძე სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს, სადაც ღიად საუბრობს ტელეკომპანიის მეწილეებზე განხორციელებულ ზეწოლებსა და ქმედებებში ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრის რამაზ ნიკოლაიშვილისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობაზე.From.ge განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2011 წლის მიწურულს მე და ჩემმა მეგობარმა ვანო ჩხარტიშვილმა უარით ვუპასუხეთ ხელისუფლების მოთხოვნას, ნებაყოფლობით დაგვეთმო ტელეკომპანია "გურია". როგორც მოსალოდნელი იყო, ამის შემდეგ სახელმწიფო რეპრესიული მანქანა ამოქმედდა. პირველი და მყისიერი რეაქცია იყო ტელეკომპანია "გურიის" წილიდან ჩემი და ვანო ჩხარტიშვილის წარომადგენელთა გაყვანა. ეს უზენაესი სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებით მოხდა. შემდგომი რეპრესიული ნაბიჯები ჩემს მიმართ თანმიმდევრულად და ჩვეული მეთოდებით განხორციელდა. კერძოდ, საგადასახადო ორგანოებმა წამოიწყეს ე.წ. "დაგეგმილი ოპერაცია".
ერთბაშად და ერთდროულად შემოვიდა შემოწმება ჩემი და ჩემი სიძის - დავით სპარსიაშვილის კუთვნილ კომპანიებში. თითქოსდა ფარული გარიგებების წარმოების მოტივით აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, პატიმრობაში აიყვანეს ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და მთავარი ბუღალტერი. პარალელურად დააყადაღეს ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების (მეუღლე, ქალიშვილი, სიძე) უძრავ-მოძრავი ქონება და პირადი ანგარიშები. უკვე 2012 წლის მარტში თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით (მოსამართლე ტარიელ ტაბატაძე) ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე დაწესდა ფინანსური მონიტორინგი, რომელიც 2-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ რამდენჯერმე გაგრძელდა. მონიტორინგის ბოლო ვადა 2012 წლის სექტემბრის ბოლოს ამოიწურა, თუმცა მისი არც გაგრძელების და არც შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება ჩემთვის ცნობილი არ არის. სახელისუფლო რეპრესიული ქმედებების დაწყებისთანავე მე დავიწყე სამართლებრივი დავა. არ გადამიხდია და არც ვაპირებ გადავიხადო არც ერთი უკანონოდ დარიცხული ჯარიმა და საურავი.
ბუნებრივია, ჩვენ შევიტანეთ საჩივარი შემოსავლების სამსახურში. როგორც ჩანს, წინა ხელისუფლებას ჩემი და სხვა მსგავსი საქმეების განხილვა ყველა ვადის და პროცედურის დარღვევის მიუხედავად, საპარლამენტო არჩევნებამდე ჰქონდა გადადებული. მიმაჩნია, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს - ყველა ამ უკანონო ქმედებას სახელისუფლო ვერტიკალის მხრიდან პირადად აკონტროლებდა გურიის ყოფილი გუბერნატორი, იმ პერიოდში ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, რომელიც "დაგეგმილი ოპერაციის" თითოეულ ნაბიჯს იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან ათანხმებდა.
ბუნებრივია, ისე როგორც ბევრი სხვა ბიზნესმენის მიმართ, ჩემით რეპრესიული მანქანის დაინტერესება გამოიწვია ჩემმა მხარდაჭერამ "ქართული ოცნებისა" და მისი ლიდერისადმი და რაც არასდროს დამიმალავს დევნილობაში მყოფ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილთან ჩემმა მეგობრობამ. ვაგრძელებ შელახული უფლებების აღდგენისთვის ბრძოლას. კერძოდ, ოფიციალურად, ყველა საჭირო პროცედურის დაცვით, მოვითხოვ უკანონოდ და უსაფუძვლოდ დაყადაღებულ აქტივებზე ყადაღის მოხსნას და უკანონოდ დარიცხული ჯარიმების და საურავების გაუქმებას. რაც ყველაზე მთავარია, გამოვთქვამ იმედს, რომ ქვეყანაში ახალი ხელისუფლების მოსვლა იქნება გარანტი იმისა, რომ აღარავის შეეძლება კანონის იგნორირება, მისი ინტერპრეტირება საკუთარი ბიზნეს თუ პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ, რომ ბიზნესების და ბიზნესმენების უკანონო შევიწროების ეპოქა წარსულს საბოლოოდ ჩაბარდება, ბიზნესზე აღარასოდეს განხორციელდება ზეწოლა და ბიზნესს ხელოვნური ბარიერები აღარ შეექმნება", - აცხადებს სიორიძე.