საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან წამოსულმა დეპუტატებმა გიორგი ნემსაძემ,მერაბ რაფავამ, მიხეილ ქავთარაძემ, ირაკლი შიხიაშვილმა და ზაურ დოლიძემ სპეციალური ბრიფინგი გამართეს.
ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, ჯერჯერობით ხუთი დეპუტატია წამოსული, თუმცა წამზომი ჩართულია და მათ მალე სხვა დეპუტატებიც შეუერთდებიან.
„თბილსის საკრებულოში შეიქმნა ახალი ფრაქცია“თავისუფლება“, რომელიც აერთიანებს თანამოაზრე დეპუტატებს, რომელთათვისაც უმნიშვნელოვანეს ღირებულებას წარმოადგენს ადამიანის თავისუფლება და მისი ღირსება. ვემიჯნებით „ნაციონალური მოძრაობას“, რომელიც მისმა მმართველმა გუნდმა დისკრედიტირებულ და ამორალურ ორგანიზაციად აქცია. დღესდღეობით მათი თვალსაჩინო ლიდერი გიგი უგულავა თვლის,რომ ჩვენ ვართ მოღალატენი. გვინდა მივმართოთ მას და ვუთხრათ, როდესაც პოლიტიკური ორგანიზაცია საკუთარ მოსახლეობას უპირისპირდება და სისასტიკით და ტერორით ცდილობს ჩაახშოს მოსახლეობის ნება, როდესაც არჩევნები მას აყენებს საკუთარ პარტიასა და ქართველი ხალხის ნებას შორის, რა თქმა უნდა ჩვენი არჩევანი ყოველთვის ქართველი ხალხის მხარეს იქნება“,-აცხადებენ ახალი ფრაქციის წევრები.
ფრაქციის წევრები გიგი უგულავას ურჩევენ, როდესაც ის მათ ამორალურ საქციელზე მსჯელობს, უკეთესი იქნება საკრებულოს წევრმა „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ გარდა, თვალი სხვა არხებსაც შეავლოს,რათა მორალზე წარმოდგენა შეექმნას.