გრიგოლ ვაშაძე ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდა

გრიგოლ ვაშაძე ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ონფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდა.

საგარეო უწყების განცხადებით, ვაშაძემ ორმხრივი შეხვედრა ბრიტანელ კოლეგასთან, საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანთან უილიამ ჰეიგთან გამართა.

შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებსა და მის შედეგებზე ისაუბრეს; აღინიშნა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მაღალი დონე და მისი მნიშვნელობა. სახელმწიფო მდივანი უილიამ ჰეიგი დაინტერესდა არჩევნების შემდეგ ხელისუფლების გადაბარების პროცესის მიმდინარეობით და საქართველოს შემდგომი საგარეო პოლიტიკური კურსით.

ვაშაძემ და უილიამ ჰეიგმა ასევე განიხილეს საქართველოს მიერ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით,  ბოლო პერიოდში მიღწეული წარმატებები,  ხაზი გაუსვეს ამ პროცესის განგრძობითობის აუცილებლობას.

კიდევ ერთხელ დაფიქსირდა გაერთიანებული სამეფოს ცალსახა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ არაღიარების პოლიტიკისადმი. შეხვედრებზე საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი პარტნიორული, რეგიონული და საერთაშორისო დონის მნიშვნელოვან საკითხებს.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანმა უილიამ ჰეიგმა მადლობა გადაუხადა გრიგოლ ვაშაძეს ბოლო წლებში აქტიური, საქმიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.