გიორგი ბარამიძე: სახიფათოა, რომ  „ქართული ოცნება“ - „კონფლიქტის“ ნაცვლად  ტერმინს -  „კონფლიქტები“იყენებს

გიორგი ბარამიძე: სახიფათოა, რომ „ქართული ოცნება“ - „კონფლიქტის“ ნაცვლად ტერმინს - „კონფლიქტები“იყენებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ქვეყნის ინტერესებისთვის სახიფათო განცხადებებს აკეთებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გიორგი ბარამიძემ დღეს, „პრაიმ თაიმსის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ბარამიძის განცხადებით, კოალიციის ზოგიერთი წარმომადგენლისგან მოისმინეს, რომ ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმები მხარეებად უნდა აღიაროს.

მისი თქმით, ეს რეჟიმები ვერ განიხილება, როგორც აფხაზი ან ოსი ხალხის წარმომადგენლები, რადგან ისინი რუსეთის ხელისუფლების მარიონეტები არიან.

აქედან გამომდინარე, ბარამიძე საკითხისადმი ასეთ მიდგომას ქვეყნის ინტერესებისთვის სახიფათოდ მიიჩნევს.
ბარამიძის თქმით, ასევე სახიფათოა, რომ  „ქართული ოცნება“ - „კონფლიქტის“ ნაცვლად  ტერმინს -  „კონფლიქტები“იყენებს.

„ეს არის მცდელობა, გადაგვიყვანონ 2008 წლის ომამდე მდგომარეობაში, როდესაც რუსეთის ვითომ სამშვიდობო ძალები ცდილობდნენ წარმოეჩინათ, თითქოს ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან გვქონდა კონფლიქტი“, - განაცხადა ბარამიძემ.

ბარამიძე ასევე  გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ინიციატივას, „ოკუპაციის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე და განაცხადა, რომ ზოგადად კანონში ცვლილება საგანგაშო არ არის.

„თან ჯერ არ ვიცით, რა ცვლილებებზეა საუბარი“, - აღნიშნა ბარამიძემ.